დიდებული ღამე პარიზში - მბაპემ და მესიმ რეკორდები მოხსნეს

08 დეკემბერი 2021, ოთხშაბათი'


ჩემპიონთალიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტური პარიზში გაიხსნა, სადაც "პარი სენ ჟერმენმა" ბელგიურ "ბრიუგეს" უმასპინძლა და მეტოქე გაანადგურა, ანგარიშით 4:1.

"პსჟ-ს" მხრიდან დუბლებით თავი კილიან მბაპემ და ლიონელ მესიმ გამოიჩინეს. ბელგიური კლუბის კარის ორჯერ აღება ჯერ ფრანგმა ვარსკვლავთბიჭუნამ მოახერხა, მერე კი არგენტინელმა მეგავარსკვლავმა.

საინტერესოა, რომ მბაპემ და მესიმ ამ შეხვედრაში თითო-თითო რეკორდი მოხსნეს.

ჯერ მბაპეთი დავიწყოთ - კილიანი გახდა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ამ ტურნირზე 30 გოლი გაიტანა. "პსჟ-ს" შვიდიანმა ეს 22 წლისა და 352 დღის ასაკში შეძლო. რეკორდის წინა მფლობელი კილიანის ამჟამინდელი თანაგუნდელი, ლეო მესი გახლდათ (23 წელი და 131 დღე).

რაც შეეხება ოქროს ბურთის ექვგზის მფლობელს, დღეს შესრულებული დუბლის მერე მას კარიერაში 758 გოლი დაუგროვდა, რაც ფეხბურთის ისტორიაში რიგით მეორე შედეგია.

ლიონელმა 757 გოლის გამტან პელეს გადაასწრო და ფეხბურთის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო სამხრეთამერიკელი მეგოლე გახდა. საერთო ჩათვლაში კი მესის მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუ უსწრებს - "მანჩესტერ იუნაიტედის" შვიდიანის ანგარიშზე 801 გოლია.

აქვე შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფი "პარი სენ ჟერმენმა" 11 ქულით დახურა და ლიდერ "მანჩესტერ სიტის" სულ 1 ქულით ჩამორჩა.

კომენტარები: