რეკორდების მსხვრეველი - რა შეძლო პიკემ "დინამოსთან" მატჩში

21 ოქტომბერი 2021, ხუთშაბათი


"ბარსელონას" "დინამო კიევთან" მატჩი გამოცდილმა ცენტრალურმა მცველმა ხერარდ პიკემ მოაგებინა, რომელმაც თავის გამოჩენა პირველ ტაიმში შეძლო.

ესპანელმა უკანახაზელმა ამ გოლით რამდენიმე მნიშვნელოვან რეზულტატს მიაღწია, რომლებსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ
უპირველეს ყოვლისა, ვახსენოთ, რომ პიკეს ჩემპიონთა ლიგაზე უკვე 16 გოლი დაუგროვდა, რითაც მან სერხიო რამოსს გადაასწრო და რეკორდსმენ რობერტო კარლოსს გაუთანაბრდა.

"ბარსას" სამიანი კლუბის ისტორიაში გახდა ყველაზე ხანდაზმული ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მატჩში შეძლო გოლის გატანა. აქამდე ეს რეკორდი სილვინიოს ეკუთვნოდა. ბრაზილიელმა 2009 წელს, 34 წლისა და 241 დღის ასაკში აიღო დონეცკის "შახტარის" კარი. რაც შეეხება პიკეს, კიეველებს მან 34 წლისამ და 260 დღისამ გაუტანა.

საინტერესოა, რომ ხერარდს ჩემპიონთა ლიგის 14 მატჩში აქვს გატანილი და ამ 14 მატჩიდან კატალონიელებმა ყველა მოიგეს. Opta-ს თქმით, ესეც რეკორდული შედეგია.

სხვათა შორის, ევროპის უპრესტიჟულეს ტურნირზე თავისთვის სადებიუტო გოლი პიკემ ამავე "დინამოს" კარში 2009 წელს შეაგდო. მაშინ იგი "მანჩესტერ იუნაიტედის" ღირსებას იცავდა. 

"ბარსას" ვიცე-კაპიტანმა უკრაინელებს გასულ სეზონშიც გაუტანა. გამოდის, რომ "დინამოსთვის" მას 3-ჯერ აქვს გატანილი და ეს კლუბი პიკესთვის საყვარელი მეტოქეა.


კომენტარები: