ინტერვიუ მესისთან [სრული ვერსია]

23 ნოემბერი 2021, სამშაბათი


ცოტა ხანში ლიონელ მესის ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირობისთვის პიჩიჩის ჯილდო გადაეცემა. ეს ლეოსთვის ზედიზედ მე-5, სულ კი მე-8 პიჩიჩია, რაც, რა თქმა უნდა, რეკორდია.

წელს პირველად მოხდება, რომ მესი ჯილდოს სხვა ქვეყანაში ჩაიბარებს. ამ პრიზის ორგანიზატორი გამოცემის, Marca-ს ჟურნალისტები არგენტინელს პარიზში ეწვივნენ და მასთან ინტერვიუ ჩაწერეს. მესის ინტერვიუ, როგორც ყოველთვის, საინტერესო გამოდგა.

- მერვე პიჩიჩი, ესპანეთის ჩემპიონატის აბსოლუტური რეკორდი...

- ამდენი პიჩიჩის ჯილდოს მოგება დაუჯერებელია. ტელმო სარას 6 ჯილდოს მიღწევა სიგიჟე ჩანდა და კიდევ უფრო დიდი სიგიჟე იყო ამ შედეგის გაუმჯობესება. ეს რაღაც განსაკუთრებულია.

- ლა ლიგა დატოვე, მაგრამ ინარჩუნებ ამ და კიდევ ბევრ რეკორდს, რომელთა დამხობაც შეუძლებელი მოჩანს, ასე არ ფიქრობ?

- დღეს, პარიზში ყოფნის დროს, ამაზე ვერ ვფიქრობ, რადგან ყოველ სამ დღეში ერთხელ თამაში გვაქვს. როდესაც კარიერას დავასრულებ და თვალს გადავავლებ ყველა იმ რეკორდს, რომელიც დამიმყარებია, მათ რეალურად დაფასებას დავიწყებ. ამ რეკორდებისთვის თვალის გადავლება განსაკუთრებული რამ იქნება.

- როგორც ვხედავ, პარიზში ადაპტაცია გაიარე. ახალი სახლი, ბავშვების სკოლის საკითხიც მოგვარებულია, ადაპტაცია გაიარა ანტონელამაც...

- ახლა თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ახალ სახლში გადმოსვლის შემდეგ ადაპტაცია სრულად გავიარეთ, ბავშვებიც სკოლასა და ყოველდღიურ რუტინას დაუბრუნდნენ. საკვალიფიკაციო თამაშების გამო არგენტინაში მოგზაურობა ხშირად მიწევდა, რაც პსჟ-სთვის სრულ ფორმაში ყოფნაში ხელს მიშლიდა, მაგრამ ახლა ყველაფერი დალაგდა.

- როგორ არიან ბავშვები, დაიწყეს ფრანგულის სწავლა?

- ეს უფრო მარტივი გამოდგა, ვიდრე თავიდან გვეგონა. ბევრს ვფიქრობდით იმაზე, თუ როგორ გაუჭირდებოდათ მათ. საბოლოოდ კი ყველაფერი ძალიან სწრაფად ხდება. ისინი უკვე სკოლაში დადიან და ფრანგულსაც სწრაფად სწავლობენ. როდესაც საქმე სწავლას ეხება, ბავშვები უფრო სწრაფები არიან. ამან ძალიან დაგვამშვიდა, ანტონელაც და მეც. დავინახეთ, რომ ბავშვები ახალ ქალაქთან და ქვეყანასთან ადაპტაციას ძალიან სწრაფად გადიან.

- როდესაც გუნდში მესი, მბაპე, ნეიმარი და სხვა ვარსკვლავები არიან, შესაძლებელია, ვიფიქროთ, რომ პსჟ ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტი არაა?

- ყველა ამბობს, რომ ჩვენი გუნდი მთავარი ფავორიტია და ვერ უარვყოფ, რომ კანდიდატებს შორის შევდივართ, მაგრამ თუ გვინდა, ნამდვილად ძლიერი გუნდი ვიყოთ, კიდევ უნდა მოვუმატოთ. გუნდურობა მეტად უნდა დაიხვეწოს  და გაგვიმართლა, რომ საამისოდ მაღალი დონის ფეხბურთელები გვყავს. თუმცა მარტო არ ვართ, ფავორიტთა შორის სხვა გუნდებიც არიან. ჩემპიონთა ლიგა ძალიან რთული ტურნირია, რაც მას ასე მიმზიდველს ხდის. აქ საუკეთესო გუნდები არიან და ტურნირის მოგება უფრო და უფრო რთული ხდება. დიახ, ჩვენ ფავორიტები ვართ, მაგრამ ასეთები არიან სხვებიც.

- კიდევ ვის მიიჩნევთ ფავორიტებად?

- დღეს ძალიან კარგია "ლივერპული". ამ გუნდმა ის დონე დაიბრუნა, რომლითაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო. უნდა გამოვყოთ "სიტი", "ბაიერნი", "რეალი", "ატლეტიკო"... ჩემპიონთა ლიგისთვის ბრძოლა ბევრ გუნდს შეუძლია. წლევანდელი გათამაშება ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონკურენტუნარიანობით გამოირჩევა, რისი მიზეზიც ისაა, რომ ფავორიტთა შორის ბევრი გუნდია.

- ესპანურ გუნდებს აქვთ შანსი?

- "რეალი" ყოველთვის კონკურენტუნარიანია. არ უნდა დავივიწყოთ არც "ატლეტიკო". ამ ორ გუნდს ბრძოლა შეუძლია. როდესაც საქმე ორრაუნდიან დაპირისპირებას ეხება, ისინი ძალიან რთული მეტოქეები არიან. ისინი ტურნირს ძალიან კარგად იცნობენ და მათ იციან, როგორ უნდა ითამაშონ. ეჭვგარეშეა, ისინი ფავორიტები არიან. "ბარსელონა" განახლების რთულ პერიოდს გადის და გუნდში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია. დღესდღეობით "ბარსელონაზე" უკეთესი გუნდები არიან, თუმცა დღევანდელი მდგომარეობის გამო არ უნდა ვიფიქროთ, რომ "ბარსა" ვერ იბრძოლებს. არ უნდა დავივიწყოთ ჩავის ფაქტორი. მან გუნდში ილუზიები დააბრუნა და მას აქვს შესაძლებლობა, ზოგიერთი ფეხბურთელი ისეთ დონეზე ათამაშოს, როგორზეც ახლა ვერ თამაშობენ. ჯგუფში რთული მდგომარეობა აქვს "სევილიას", მაგრამ ეს კონკურენტუნარიანი გუნდია, რომელსაც მომდევნო ეტაპზე გასვლა შეუძლია.

- რას გვეტყვით კრიშტიანუ რონალდუს თამაშზე?

- "მანჩესტერ იუნაიტედი" დიდებული ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ძალიან ძლიერი გუნდია. კრიშტიანუ ამ გუნდს უკვე იცნობდა, მაგრამ მას ახალ რეალობასთან ადაპტაცია მაინც დასჭირდა და მან ამას თავი შესანიშნავად გაართვა. როგორც ყოველთვის, მას გოლები თავიდანვე გაჰქონდა. პრემიერ ლიგაში მას საქმე ისე კარგად არ მისდის, როგორც ვფიქრობდით, მაგრამ ეს საკმაოდ რთულია. დეკემბრის შემდეგ ბევრი რამ იცვლება და ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

- სიმართლე მითხარით, არ გენატრებათ პორტუგალიელთან დაპირისპირებები?

- დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ერთ ჩემპიონატში აღარ ვართ. როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად ერთი და იგივე მიზნებისთვის ვიბრძოდით. ეს შესანიშნავი დრო იყო ჩვენთვის და ასევე გულშემატკივრებისთვისაც, რადგან სიამოვნებას ისინიც იღებდნენ. ეს ლამაზი მოგონებაა, რომელიც ფეხბურთის ისტორიას შემორჩება.

- ნეიმარი, კრიშტიანუ, ლუის სუარესი, ლიონელ მესი... რატომ კარგავს ლა ლიგა ყოველ წელს ახალ ვარსკვლავს და რა უნდა მოხდეს ამის შესაჩერებლად, ან ახალი ვარსკვლავების მოსაზიდად?

- იმედია, ვარსკვლავები დაბრუნდებიან და ისევ საუკეთესო ლიგა იქნება, როგორც ეს ბოლო 10-15 წლის განმავლობაში იყო. ლა ლიგა მსოფლიოში ყოველთვის ერთ-ერთი საუკეთესო იყო და იმედია, ეს სიტუაცია დაბრუნდება.

- ვარსკვლავებზე ვსაუბრობთ და... როგორ ფიქრობთ, მბაპე "რეალში" გადავა?

- სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. მხოლოდ მან იცის, რა ხდება მის თავში და რა მოხდება მომავალში. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მისი წელს დარჩენით ბედნიერი ვარ. ის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ჩვენთვის და ჩვენი მიზნებისთვის. ახლა ის მხოლოდ ჩვენს მიზნებზე ფიქრობს, სეზონის ბოლოს კი მომავალზე დაფიქრდება. არ ვიცი, რა მოხდება.

- ის ესპანურად კარგად საუბრობს?

- შესანიშნავად. თუმცა ის ძალიან კარგად საუბრობს არა მხოლოდ ესპანურად, არამედ ინგლისურად და რა თქმა უნდა, ფრანგულად.

- როგორია სიტუაცია პსჟ-ს გასახდელში? ამბობენ, რომ ამდენი ვარსკვლავი ერთმანეთს ვერ შეეწყობა.

- გამიმართლა, რომ გასახდელში ძალიან კარგ ფეხბურთელებთან და ადამიანებთან ერთად მოვხვდი. ყველაზე მნიშვნელოვანი ესაა. ჩემმა ადაპტაციამ ძალიან სწრაფად ჩაიარა. თავიდან ეს ყველაფერი უცნაური იყო. ერთ ადგილზე ამდენი წლის გატარების შემდეგ ახალ ცხოვრებასთან შეჩვევა გიწევს, მაგრამ მეორე მხრივ გამიადვილდა, რადგან აქ ბევრი ნაცნობი ფეხბურთელი დამხვდა, რომლებიც ესპანურად საუბრობენ. აქ ძალიან კარგი ხალხია. შეამჩნევდით, რომ ძალიან მჭიდრო გასახდელი გვაქვს.

- რას გრძნობ, როდესაც სერხიო რამოსს შენს გასახდელში ხედავ ყველაფერი იმის შემდეგ, რაც თქვენ ესპანეთში გამოიარეთ?

- ახლა შევეჩვიე, მაგრამ თავიდან უცნაური შეგრძნება იყო, რისი მიზეზიც ჩვენი მრავალწლიანი დაპირისპირებაა. ჩვენ "ბარსელონასა" და "რეალის" კაპიტნები ვიყავით, ბევრი "კლასიკო" ვითამაშეთ, მოედანზე ბევრი ბრძოლა გვქონია... თუმცა ერთმანეთს ყოველთვის პატივს ვცემდით იმის მიუხედავად, თუ რამდენად დიდი იყო "კლასიკოში" დაპირისპირება.

- სერხიო ისეთია, როგორიც წარმოგედგინათ?

- მას აქამდეც ვიცნობდი. აქამდე ხანგრძლივი საუბრები არ გვქონია, მაგრამ ლა ლიგაში ჩვენი გზები არაერთხელ გადაიკვეთა და ბევრჯერ გვისაუბრია. უკვე მქონდა წარმოდგენა, როგორი ადამიანია ის. ახლა კი დავრწმუნდი, რომ ის დიდებული პიროვნებაა.

- რას შემატებს ჩავი "ბარსელონას"?

- ის გუნდს ბევრს შემატებს. ის არის მწვრთნელი, რომელმაც ბევრი რამ იცის, შესანიშნავად იცნობს კლუბს და ამ ქალაქში ბავშვობიდან ცხოვრობს. ჩავიმ "ბარსელონას" ილუზიები განაახლა, რადგან ის გულშემატკივრებსა და ფეხბურთელებში დიდი პატივისცემით სარგებლობს. ახალგაზრდებისთვის ის ძალიან მნიშვნელოვანი მწვრთნელი იქნება, რადგან მათ ბევრ რამეს ასწავლის. მასთან ერთად გუნდი ძალიან მოუმატებს, ამაში ეჭვი არ მეპარება.

- ჩავიმ თქვა, რომ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ სახუმარო შეტყობინება გაუგზავნეთ...

ჩავისთან ხშირად ვსაუბრობ. ჩვენ მეგობრები ვართ და ერთმანეთს ბევრ რამეს ვუზიარებთ. გუნდიდან მისი წასვლის შემდეგ კონტაქტი არ გაგვიწყვეტია. ზუსტად არ მახსოვს, რა მივწერე, მივულოცე და წარმატებები ვუსურვე. რა თქმა უნდა, ის საქმეს თავს კარგად გაართმევს, რადგან ბევრი რამ იცის, შრომისმოყვარეა და სახლსაც კარგად იცნობს.

- ფიქრობ, რომ "ბარსელონა" კუმანს უსამართლოდ მოექცა? მიგაჩნია, რომ შექმნილ ვითარებაში პასუხისმგებელი მწვრთნელი იყო?

- მწვრთნელების მიმართ ყოველთვის უსამართლონი ვართ. უსამართლო დამოკიდებულება იყო კუმანის მიმართ, ვალვერდეს მიმართ... როდესაც გუნდი ცუდ შედეგებს აჩვენებს, ყველაზე მარტივი ხელის მწვრთნელისკენ გაშვერაა. კუმანი ძალიან რთულ დროს მოვიდა, როდესაც გუნდი მნიშვნელოვანმა ფეხბურთელებმა დატოვეს, თუმცა მან გუნდში არაერთი ახალგაზრდა მოთამაშის ადაპტირება შეძლო. როგორც უკვე ვთქვი, მწვრთნელის დადანაშაულება ყველაზე მარტივია. ეს თავად მწვრთნელებმაც იციან, რადგან ესაა მათი პროფესია.

- ალვესის დაბრუნებამ გაგაკვირვათ? რა შეუძლია მან გუნდს შემატოს?

- დაბრუნებამ ნამდვილად გამაკვირვა, განსაკუთრებით ახლა. ვფიქრობ, ჩავის მსგავსად, გუნდისთვის ისიც კარგი დანამატი იქნება. მისი გუნდში ყოფნა ახალგაზრდებს გამოადგებათ. ის მათ დაეხმარება, რადგან გამარჯვებულის მენტალიტეტის მქონე ადამიანია. ალვესი ახალგაზრდებს დაეხმარება როგორც თამაშების დროს, ასევე ვარჯიშებზე. ის გუნდს ბევრ რამეს შემატებს მოედანს მიღმაც, რაც თავდადებასა და გამარჯვებისკენ მუდმივ სწრაფვაში გამოიხატება.

- "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ჩარჩენასთან ახლოსაა. ეს გასევდიანებთ?

- დიახ, რა თქმა უნდა. "ბარსელონასთვის" ყოველთვის საუკეთესო მინდა. ამ გუნდში არ ვთამაშობ, მაგრამ მისი გულშემატკივარი ვარ. იქ მეგობრები მყავს. მინდა, რომ ისინი კარგად იყვნენ. მართალია, ჩემპიონატში გუნდმა ბევრი ქულა დაკარგა, მაგრამ წინ კიდევ ბევრი ქულაა და ეჭვი არ მეპარება, რომ "ბარსელონა" ფეხზე წამოდგება და დაბრუნდება.

- შენი წამოსვლის მიზეზად ფინანსური მხარე დასახელდა. როდესაც უკან იყურები, ხომ არ ფიქრობ, რომ პრეზიდენტ ლაპორტას სხვა მიზეზიც ჰქონდა?

- არ ვიცი. ვიცი ის, რომ წამოვედი და მას შემდეგ დროც გავიდა. მე მითხრეს, რომ კონტრაქტს ვერ გამიხანგრძლივებდნენ და უნდა წავსულიყავი. ამის მეტი არაფერი ვიცი. შევეგუე იმას, რაც მითხრეს.

- ცოტა ხნის წინ ლაპორტამ თქვა, რომ მას თქვენი და ინიესტას დაბრუნების სჯერა. შეგიძლიათ ეს ოცნება რეალობად აქციოთ?
- როგორც ფეხბურთელს?


- ეს დაკონკრეტებული არ ყოფილა.

- ყოველთვის ვამბობდი, რომ გარკვეულ ეტაპზე ბარსელონაში დავბრუნდები, რადგან ეს ჩემი სახლია და იმიტომ, რომ ამ ქალაქში ცხოვრებას ვაპირებ. რა თქმა უნდა, თუ კლუბის დახმარების შესაძლებლობა მომეცემა, სიამოვნებით დავბრუნდები.

- არგენტინის ნაკრების გამო ბედნიერი იქნებით. გუნდმა მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოიპოვა და შესანიშნავი წელი დაასრულა.

- სანაკრებო დონეზე დაუჯერებელი და დაუვიწყარი წელი იყო. ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიზანს მივაღწიეთ და კოპა ამერიკა მოვიგეთ. ამ მიღწევამდე ახლოს რამდენჯერმე ვიყავი, მაგრამ აქამდე მოგებას ვერ ვახერხებდი. წლის ბოლოს კი მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოვიპოვეთ და ახლა უფრო შორს წასვლას ვაპირებთ.

- რა როლი ექნება არგენტინას მსოფლიო ჩემპიონატზე?

- ახლა ძალიან კარგი გუნდი გვყავს. კოპა ამერიკის მოგება ძალიან დაგვეხმარა, რადგან გუნდი ახლა უფრო თავდაჯერებულია. თუმცა ვიცით, რომ მთავარ ფავორიტებს შორის მოსახვედრად კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს.

- ამ ტურნირზე იქნება ესპანეთის ნაკრებიც, რომელსაც თქვენი ყოფილი მწვრთნელი ლუის ენრიკე თავკაცობს. რას გვეტყვით ამ ნაკრებზე?

- ძალიან კარგი გუნდია. როდესაც შემიძლია, თამაშებს თვალს ვადევნებ. გუნდს ენრიკეს ხელი ეტყობა, იგრძნობა, რომ ეს მისი გუნდია. ვინც არ უნდა თამაშობდეს, თავისი საქმე ყველამ იცის. ესპანეთს ძალიან კარგი გუნდი ჰყავს, რაც ევროპის ჩემპიონატსა და მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზეც გამოჩნდა.

- მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ესპანეთისა და არგენტინის შეხვედრაზე ხელს მოაწერდით?

- რა თქმა უნდა. ესპანეთთანაც და სხვა მეტოქესთანაც. მინდა, ფინალში ისევ ვითამაშო და ახალ მიზანსაც მივაღწიო. ამაზე ოცნება არასდროს მტოვებს.



კომენტარები: