"ეს სხვანაირად არც შეიძლება იყოს", - ზლატანი საქართველოს ნაკრებთან მარცხის შემდეგ

12 ნოემბერი 2021, პარასკევი


შვედეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა საქართველოსთან მარცხის მერე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

39 წლის შემტევი ძალიან უკმაყოფილო გახლდათ, რაც მის მატჩისშემდგომ კომენტარზეც აისახა.

"უკიდურესად იმედგაცრუებული ვარ. ეს მატჩი აუცილებლად უნდა მოგვეგო. მომენტები უხვად გვქონდა და გოლიც უნდა გაგვეტანა, მაგრამ ეს ვერ მოვახერხეთ. ჩვენ საქართველოზე გაცილებით უკეთესნი ვიყავით. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად კარგი იყო ჩვენი თამაში - მოსაგებად საკმარისი ეპიზოდები გვქონდა.

ბუნებრივია, გაბრაზებულები ვართ და სხვანაირად არც უნდა იყოს. ყველას გვინდოდა, რომ გაგვემარჯვა. მხოლოდ გოლები დაგვაკლდა.

პირველ ტაიმში უნდა გამეტანა. ეს რომ მომეხერხებინა, შეხვედრაც ჩვენი გამარჯვებით დასრულდებოდა. გოლის გატანა მატჩის სურათს მთლიანად შეცვლიდა,"
- თქვა ზლატანმა.

შეგახსენებთ, რომ სკანდინავიელებს "ჯვაროსნებმა" ორბურთიანი სხვაობით მოუგეს. ორივე გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.

ამ მარცხით შვედებმა მუნდიალის ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსი საგრძნობლად შეიმცირეს. ყველაფერი ბოლო ტურში გადაწყდება, სადაც შვედეთს ესპანეთთან ელით ჯახი. თუ ჩრდილოელებს პირველ ადგილზე უნდათ გასვლა, დიდი ალბათობით, მათ მხოლოდ გამარჯვება დასჭირდებათ.

კომენტარები: