'ასეთ მატჩებში თამაში ყველას სურს' - იბრაჰიმოვიჩი საქართველოსა და ესპანეთზე

09 ნოემბერი 2021, სამშაბათი


საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ბოლო შეხვედრაში შვედეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, რომელიც, თავის მხრივ, ბათუმში ძალიან მოტივირებული ჩამოდის, რადგან მუნდიალზე გასვლის კარგი შანსი აქვს.


სკანდინავიელთა რიგებში მარტის შემდეგ დაბრუნდა ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელმაც საქართველოს წინააღმდეგ პირველ მატჩშიც ითამაშა და საგოლე პასი გააკეთა. მილანის 40 წლის ლეგენდარული ფორვარდი ახლა კარგ ფორმაშია და ბათუმში გუნდთან ერთად მოდის. შვედეთში აქტუალურია, შეძლებს თუ არა ზლატანი საქართველოსთან და ესპანეთთან ორივე შეხვედრაში თამაშს და იბრასთანაც საუბარი ამ საკითხით დაიწყო.


"აქ იმიტომ ვარ, რომ გუნდის ერთ-ერთი ნაწილი ვარ. თუ მწვრთნელს სურს, რომ ორივე მატჩში ვითამაშო, ორივეს ვითამაშებ. ეს ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა სურს იანეს. მე საჭიროების შემთხვევაში თამაში შემიძლია. თუმცა, ვაღიარებ, რომ სათამაშო დროის კუთხით ბალანსი უნდა მქონდეს იმის გათვალისწინებით, რომ ტრავმებს ხშირად ვიღებ. ყოველდღიურად ჩემს სხეულს უფრო და უფრო უკეთ ვიცნობ. ჩემი სხეული ბერდება, მაგრამ ჩემი გონება ახალგაზრდავდება და უკეთესად ვარ. ცოტა უიღბლო პერიოდი მქონდა, მაგრამ ახლა თავს კარგად ვგრძნობ, ნამდვილად მზად ვარ და მიხარია, რომ თამაში შემიძლია. ასეთ მატჩებში თამაში ყველა ფეხბურთელს სურს, სასწორზე ბევრი რამ არის. გუნდმა აქამდე შესანიშნავი საქმე გააკეთა, ახლა კი მხოლოდ ბოლო ნაწილია დარჩენილი და თავდაჯერებულები უნდა ვიყოთ", - თქვა იბრამ, რომელსაც ევრო 2020-ზეც თამაში სურდა, მაგრამ ტრავმის გამო ეს ვერ მოახერხა.



კომენტარები: