გაუპატიურების მსხვერპლი გოგონას ისტორია - როგორ შეიქმნა პეიჯ ვაზანტი

20 ნოემბერი 2021, შაბათი


პეიჯ ვაზანტს ორთაბრძოლების სამყაროში ყველაზე ლამაზი გოგონას სახელი აქვს. შიშველი ხელებით მებრძოლმა ქალბატონმა მალევე დაიპყრო ყველას გული და UFC-ში 6 წელიწადი გაატარა.

გარდა ტიტულებით დახუნძლული კარიერისა, პეიჯმა თავი მისი მძიმე ისტორიითაც დაგვამახსოვრა.

ვაზანტი ბავშვობაში მუდმივი ბულინგის მსხვერპლი გახლდათ. პატარა გოგონა შერეულ ცეკვებზე დადიოდა და შერეულ ორთაბრძოლებზე არც კი ფიქრობდა, მაგრამ მისი ცხოვრება 14 წლის ასაკში შეიცვალა, როცა ერთ ღამეს კლასელებმა წვეულებაზე დაპატიჟეს.

"თავს მარტოსულად ვგრძნობდი და მწყინდა. იმ დღეს მარტო ერთი რამ გავიფიქრე: ოჰო, ვიღაცას ჩემთან დამეგობრება მოუნდა-მეთქი. მაგრამ ბიჭებმა, რომლებიც წვეულებაზე იყვნენ, წრეში მომაქციეს და ჩემზე ძალადობა დაიწყეს. ვცდილობდი, წინააღმდეგობა გამეწია, მაგრამ მირტყამდნენ. ვგრძნობდი, რომ ჩემი სხეული მოკვდა. გარდა მოთმენისა და ლოცვისა, სხვა გზა არ მქონდა," - იხსენებს პეიჯი.

მოძალადეებმა თანატოლს მხოლოდ ეს არ აკმარეს და მომხდარზე ხმები სკოლაშიც გაავრცელეს. პეიჯმა მომხდარზე მშობლებს არაფერი უთხრა, ამიტომ მარტო განიცდიდა ყველაფერს. ბავშვები დასცინოდნენ, ბოზს ეძახდნენ... გოგონა სუიციდზეც კი ფიქრობდა, მაგრამ თავის თავში გამონახა ძალა, რომ ეს ნაბიჯი არ გადაედგა.

ყველაფრის დასავიწყებლად მშობლებმა პეიჯი UFC-ის ჩემპიონის, კენ შემროკის დარბაზში შეიყვანეს. იქაურობა ახალგაზრდას იმდენად მოეწონა, რომ მოცეკვავე სიფრიფანა გოგოდან სასტიკ მებრძოლად გარდაიქმნა. ბუნებრივია, განცდილმა ტრაგედიამ მისი ფოლადის ხასიათის ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა.

გაუპატიურების შესახებ ვაზანტმა თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში დაწერა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, სწორედ აქედან გაიგეს მისმა მშობლებმაც მომხდარის შესახებ. დღეს პეიჯს სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გოგონები ხშირად წერენ ხოლმე, ის კი მათ დიდი ენთუზიაზმით ეხმარება.

კომენტარები: