ისევ ერთად? ზიდანმა პსჟ-ში რონალდოს ტრანსფერი მოითხოვა

07 თებერვალი 2022, ორშაბათი


ზინედინ ზიდანი და კრიშტიანო რონალდო ისევ ერთად? ბრიტანულ გამოცემა "დეილი მირორს" თუ დავუჯერებთ, ეს შესაძლებელია, რადგან ფრანგმა მწვრთნელმა პარი სენ-ჟერმენში მისი ტრანსფერი მოითხოვა.

წყაროს თანახმად, დამდეგ ზაფხულს ზიდანის მთავარ მწვრთნელად დანიშვნა პსჟ-ში თითქმის გადაწყვეტილია და 49 წლის ფრანგმა კლუბის ხელმძღვანელობასთან შეხვედრაც გამართა, რომელზეც მან რონალდოს ტრანსფერი ისურვა. ამგვარად, შესაძლებელია, პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი პარიზელებს შეუერთდეს. აღსანიშნავია, რომ კრიშტიანოს ადრეც უკავშირებდნენ პსჟ-ს, მაგრამ მაშინ ტრანსფერი არ შედგა.

ზიდანი და რონალდო ერთად რეალში მუშაობდნენ
ზიდანი და რონალდო ერთად რეალში მუშაობდნენ
პარი სენ-ჟერმენში მაურისიო პოჩეტინოს მუშაობით კმაყოფილები არ არიან და მას სეზონის ბოლოს ალბათ, დაითხოვენ, ზიდანი კი, რომელიც ამჟამად უმუშევარია, მზადაა საქმიანობას დაუბრუნდეს. რაც შეეხება რონალდოს, მანჩესტერთან კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს, მაგრამ უკვე ბევრჯერ დაიწერა, რომ ის ინგლისური კლუბის პროექტითა და ამბიციებით მოხიბლული არ არის და ზაფხულში წასვლასაც განიხილავს.
შეგახსენებთ, რომ ზინედინ ზიდანს სამწვრთნელო კარიერაში მადრიდის რეალის გარდა, სხვა კლუბში არასდროს უმუშავია. სამაგიეროდ, ესპანურ გრანდში ნამდვილი ფურორი მოახდინა და სხვა ტიტულებთან ერთად ზედიზედ 3-ჯერ ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
ისე, წარმოვიდგინოთ როგორი იქნება ასეთი შემტევი ტრიო - ნეიმარი, ლიონელ მესი და კრიშტიანო რონალდო...

კომენტარები: