კარლოს ტევესს MLS-ში იწვევენ - 38 წლის არგენტინელი კარიერას ჯერ არ ასრულებს

06 თებერვალი 2022, კვირა


არგენტინის ნაკრების, მანჩესტერ იუნაიტედის, მანჩესტერ სიტისა და ტურინის იუვენტუსის ყოფილმა თავდამსხმელმა კარლოს ტევესმა კარიერა შესაძლოა MLS-ში გააგრძელოს. ამის შესახებ ცნობილი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა ტვიტერში წერს.

როგორც ირკვევა, 38 წლის ფეხბურთელის გადაბირებით დი-სი იუნაიტედია დაინტერესებული. კლუბის ხელმძღვანელობამ ტევესს უკვე შესთავაზა კონტრაქტი, რომელიც 2022 წლის სეზონის ბოლომდეა გათვლილი. 

კარლოს ტევესის ბოლო კლუბი ბოკა ხუნიორსი იყო, რომელიც ფორვარდმა 2021 წელს დატოვა და მას შემდეგ უკლუბოდაა. მანამდე არგენტინელი კორინთიანსში, ვესტ ჰემში, მანჩესტერ იუნაიტედში, მანჩესტერ სიტიში, იუვენტუსსა და შანხაი შენხუაში გამოდიოდა. 

MLS-ში ახალი სეზონი 26 თებერვალს დაიწყება. დი-სი იუნაიტედი, რომელსაც კარლოს ტევესის თანამემამულე ერნან ლოსადა წვრთნის, პირველი ტურის მატჩში შარლოტს ეთამაშება.



კომენტარები: