“ძალიან გადაი*ვით თავზე” – ირინა სარიშვილი

04 იანვარი 2022, სამშაბათი


“ძალიან გადაი*ვით თავზე” – ირინა სარიშვილი


კომუნალური გადასახადების ორ-ორი ქვითარი ერთ თვეში – სოციალურ ქსელში მომხმარებლები წერენ, რომ მათი მოხმარება არ გაზრდილა, გადასახადი კი გაუორმაგდათ.


აღნიშნულს პარლამენტის ყოფილი წევრი ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში ასე ეხმაურება:

“თელმიკო და გაზიკო! ძაან გადაი*ვით თავზე!” – წერს სარიშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე, პოსტის კომენტარებში კი აღნიშნავს: “ვერ გავიგე, თვეში ორჯერ ვიხდით?! ყოველი თვის 15 რიცხვში მომდიოდა გადასახადი წყალზე, დასუფთავებაზე და დენზე და 30–მდე იყო ხოლმე ვადა. ეხლა რა გამოდის – 29 დეკემბერს გადავიხადე ყველაფერი და 31 დეკემბრის რიცხვით ახალი გადასახადი მოდის 15 იანვრამდე ვადით?? რა არის ეს???”

მომხდარზე განმარტება ენერგოომბუდსმენმა გააკეთა, მისი ცნობით, “თელმიკომ” დაანგარიშების თარიღები შეიცვალა – თუ აქამდე მოქალაქეების მრიცხველებიდან მონაცემების აღება 15 რიცხვიდან თვის ბოლომდე ხდებოდა, ამ შემთხვევაში მონაცემებს მხოლოდ თვის ბოლო 4 დღიდან აიღებენ.


მისივე თქმით, აღნიშნული ბოლო მსგავსი შემთხვევაა და თებერვლიდან ყველა ისევ ერთ ქვითარს მიიღებს.

“შეიცვალა აღრიცხვის მეთოდი, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანია ციკლების ნაცვლად თვეში მხოლოდ ერთხელ, თვის ბოლოს აიღებს ჩვენებას მომხმარებლის მრიცხველიდან, რაც თავისთავად გააადვილებს საქმეს. იანვრიდან, ასეთ აღრევას ადგილი აღარ ექნება. მომხმარებლები გადახდის ორ ქვითარს აღარ მიიღებენ.
ტარიფი არ გაზრდილა, ტარიფი არ გაიზრდება არც მომავალ წელს, უბრალოდ ნუ დაგვავიწყდება, რომ ტარიფი იყო სუბსიდირებული მთელი 2021 წლის განმავლობაში. მე როგორც ენერგოომბუდსმენი და უფლებადამცველი ვამბობ, რომ ეს შეიძლება უარყოფითად აისახოს მომხმარებლების ინტერესებზე”, – განაცხადა სალომე ვარდიაშვილმა.

აღნიშნულს თემას –  რატომ მიიღეს აბონენტებმა მეორე ქვითარი, სადაც ასახული იყო 2021 წლის დეკემბრის თვის ბოლომდე დარჩენილი დღეების მოხმარებული წყლის საფასური, “ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერიც“ ეხმაურება:

მრიცხველთა წაკითხვის ერთიან სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, გარდამავალ პერიოდში, დეკემბრის თვის ბოლო დღეებში – 29, 30, 31 დეკემბერსა და 3 იანვარს „ჯივიპის“ საყოფაცხოვრებო აბონენტების უმეტესობამ კიდევ ერთი ქვითარი მიიღო, სადაც ასახული იყო 2021 წლის დეკემბრის თვის ბოლომდე დარჩენილი დღეების მოხმარებული წყლის საფასური.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკი) გადაწყვეტილებით, 2022 წლის იანვრიდან თბილისში მრიცხველთა წაკითხვის ერთიანი სისტემა ამოქმედდა.

აღნიშნული ცვლილების შედეგად მოსახლეობა კომუნალური მომსახურების ქვითარს ყოველი მომდევნო თვის პირველ რიცხვებში მიიღებს“, – ნათქვამია „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკი) გადაწყვეტილებით, 2022 წლის იანვრიდან თბილისში მრიცხველთა წაკითხვის ერთიანი სისტემა ამოქმედდა. აღნიშნული ცვლილების შედეგად მოსახლეობა კომუნალური მომსახურების ქვითარს ყოველი მომდევნო თვის პირველ რიცხვებში მიიღებს.




კომენტარები: