ლუის სუარესის "რეალთან" თამაში საეჭვოა

10 დეკემბერი 2021, პარასკევი


მადრიდის "ატლეტიკოს" საკადრო პრობლემები აქვს, რაც ძალიან სანერვიულოა, რადგან გუნდს მომდევნო უქმეებზე "რეალთან" მატჩი ელოდება.

ორივე მადრიდულმა კლუბმა შუა კვირაში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშა. "სამეფო კლუბმა" მილანის "ინტერს" დამაჯერებლად მოუგო და D ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა, ხოლო დიეგო სიმეონეს ბიჭებმა B ჯგუფის მეორე პოზიციისთვის გადამწყვეტ ბრძოლაში "პორტუ" გასვლაზე დაამარცხეს (1:3) და მერვედფინალში წკიპზე შეასწრეს.

მიუხედავად წარმატებული ბატალიებისა, კლუბებს საზეიმოდ დრო არ აქვთ, რამეთუ წინ დერბია.

"როხიბლანკოსთვის" მთავარ პრობლემად ლუის სუარესი იქცა. ურუგვაელმა თავდამსხმელმა "პორტუსთან" შეხვედრის პირველ ტაიმში ტრავმა მიიღო და ის მატეუშ კუნიამ შეცვალა.

თუ Mundo Deportivo-ს დავუჯერებთ, "ელ პისტოლეროს" დერბიში მონაწილეობა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა.

სუარესს დღეს თანაგუნდელებთან ერთად არ უვარჯიშია და მხოლოდ სავარჯიშო დარბაზში დაიტვირთა.

იმ შემთხვევაში, თუ გამოცდილმა ცხრიანმა მომჯობინება ვერ შეძლო, "რეალთან" ჯახში მას უკვე ნახსენები კუნია შეცვლის, რომელმაც "დრაკონებთან" ჯახშიც გამოიჩინა თავი და შესანიშნავ ფორმაში იმყოფება.

კომენტარები: