ჩემპიონთა ლიგა | მესის პირველი დუბლი პსჟ-ში - ლივერპულმა რევანში აიღო

20 ოქტომბერი 2021, ოთხშაბათი'


უეფას ჩემპიონთა ლიგაზე მე-3 ტურის 6 მატჩი გაიმართა და ჯგუფურ ეტაპზე ძალიან საინტერესო ვითარება შეიქმნა.

 ლივერპულმა მადრიდის ატლეტიკოსთან 2020 წელს განცდილი მარცხისთვის რევანში აიღო, მილანმა ზედიზედ მე-3 მარცხი განიცადა, ხოლო ტირასპოლის შერიფის დაუმარცხებელი სერია დასრულდა.

ჯგუფის და დღის ცენტრალურ შეხვედრაში მადრიდის ატლეტიკომ ლივერპულს უმასპინძლა და 2:3 დამარცხდა. მატჩი ინგლისურმა კლუბმა შესანიშნავად დაიწყო და მე-13 წუთზე ობურთიანი უპირარატესობა ჰქონდა. ჯერ მოჰამედ სალაჰმა გახსნა ანგარიში და შემდეგ ნაბი კეიტამ შორი მანძილიდან ულამაზესი გოლით სხვაობა ორამდე გაზარდა. თუმცა, შემდეგ ატლეტიკომ მოახერხა თამაშში გარდატეხი შეტანა და მალევე დიდ უპირატესობას დაეუფლა. დიეგო სიმეონეს გუნდის რიგებში საუკეთესო ანტუან გრიზმანი იყო, რომელმაც დუბლი შეასრულა და შესვენებამდე წონასწორობა აღადგინა. ფრანგ ფორვარდს პირველ ტაიმში გატანა კიდევ შეეძლო, მაგრამ მეკარესთან პირისპირ გასულმა ალისონს ვერ აჯობა. თუმცა, გრიზმანი, რომელიც გმირი იყო, პრაქტიკულად ანტიგმირად გადაიქცა. 52-ე წუთზე ანტუანმა მეტოქეს ფეხი სახეში ჩაარტყა და წითელი ბარათი მიიღო. გაძევებამ თამაშზე დიდი გავლენა მოახდინა და ატლეტიკომ ბოლომდე ვერ გაძლო. ლივერპულმა სალაჰის პენალტით მოიგო - 3:2.


იურგენ კლოპის გუნდს 9 ქულა აქვს და პლეო ოფის საგზური პრაქტიკულად ჯიბეში უდევს, ხოლო ატლეტიკოს აქტივში 4 ქულაა, ისევე, როგორც პორტუს. პორტუგალიურმა გუნდმა საკუთარ მოედანზე ლუის დიასის გოლით შინ მილანი დაამარცხა. იტალიური კლუბი ღრმა აუტსაიდერია და უქულოდ ბოლო ადგილზეა.

ჯგუფში მანჩესტერ სიტის გამარჯვებას გამარჯვებითვე უპასუხა პარი სენ-ჟერმენმა, მაგრამ ბეწვის ხიდზე გაიარა. ფრანგული გუნდი ლაიპციგთან კილიან მბაპეს სწრაფი გოლით დაწინაურდა, მაგრამ მერე გერმანელებმა ორი გოლი გაიტანეს და 67-ე წუთამდე იგებდნენ. პსჟ ლიონელ მესიმ გადაარჩინა, რომელმაც პარიზული კლუბის რიგებში პირველი დუბლი მიითვალა და თავის გუნდს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა. პსჟ 7 ქულით ლიდერია, 6 ქულა აქვს მანჩესტერ სიტის, 4 ბრიუგეს და ლაიპციგს ჯერ ქულა არ მოუპოვებია.

ამსტერდამის აიაქსი საოცარ ფეხბურთს თამაშობს და ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა. ამჯერად, ერიკ ტენ ჰაგის გუნდის გამომცდელი სერიოზული იყო - დორტმუნდი. თუმცა, ეს გამოცდა ნიდერლანდელებმა დიდებულად ჩაატარეს და დიდებული ფეხბურთიც აჩვენეს. 4:0 დორტმუნდის წინააღმდეგ შემთხვევითობა არ არის და აიაქსი ჯგუფის ლიდერი (9 ქულით) დამსახურებულადაა. დორტმუნდს 6 ქულა აქვს, სპორტინგს 3 და ბეშიქთაში ბოლო ადგილზეა, ქულის გარეშე.
ჯგუფში ტირასპოლის შერიფის ზღაპარი დასრულდა. ომლდოვურმა გუნდმა შახტარისა და რეალის ძლევის შემდეგ იგივე მილანში, ინტერთან ვერ გააკეთა. თუმცა, იური ვერნიდუბის გუნდი ბოლომდე იბრძოდა და პირველ ტაიმში ედინ ჯეკოს გატანილი გოლი, მეორე ნახევრის დასაწყისში სებასტიან ტილმა გაქვითა. თუმცა, ეს მაქსიმუმი გამოდგა, რადგან შემდეგ მილანელებმა ორი გოლი გაიტანეს და მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე პირველად მოიგო.




კომენტარები: