„ვერავის დავაძალებ, გინდა თუ არა, აიცერი-მეთქი; მხოლოდ იმას ვთხოვ, სხვის ჯანმრთელობას ნუ დააყენებენ საფრთხის ქვეშ... დედა მხოლოდ ერთხელ იყო აცრილი და ეს არ იყო საკმარისი მის გადასარჩენად“ - ონისე ონიანი

08 თებერვალი 2022, სამშაბათი


„ვერავის დავაძალებ, გინდა თუ არა, აიცერი-მეთქი; მხოლოდ იმას ვთხოვ, სხვის ჯანმრთელობას ნუ დააყენებენ საფრთხის ქვეშ... დედა მხოლოდ ერთხელ იყო აცრილი და ეს არ იყო საკმარისი მის გადასარჩენად“ - ონისე ონიანი


"...ადამიანები სხვანაირად თვლიან და მე ყველას აზრს დიდ პატივს ვცემ! ვერავის დავაძალებ და მოვუწოდებ, გინდა თუ არა, აუცილებლად აიცერი-მეთქი. მხოლოდ იმას ვთხოვ, სხვის ჯანმრთელობას ნუ დააყენებენ საფრთხის ქვეშ. ვხედავთ, რამდენი ადამიანი შეიწირა ამ საშინელმა ვირუსმა", - გვითხრა მარჯანიშვილის თეატრის მსახიობმა და ტელეწამყვანმა ონისე ონიანმა ვრცელ ინტერვიუში და "კვირის პალიტრასთან" გულწრფელად ისაუბრა სხვადასხვა თემაზე...

- ბატონო ონისე, პანდემიამ, ვიცით, რომ ძალიან დიდი ტკივილი მოგაყენათ...

- დიახ... გასული წლის მაისში მთელ ოჯახს შეგვეყარა ეს ვირუსი, მათ შორის, 


დედაჩემსაც, რომელმაც სამწუხაროდ, ვეღარ გადაიტანა და კოვიდის შემდგომი გართულებებით გარდაიცვალა. სრულიად ჯანმრთელი, საღსალამათი ქალბატონი იყო, ორი თვის განმავლობაში იწვალა და კოვიდკლინიკური ინფექციით დაიღუპა... მე მაინც ვფიქრობ, რომ ვერ მოერია იმ სეფსისურ გართულებას.

პანდემია ყოველმხრივ საშინელებაა... თეატრშიც შემოქმედებითი პროცესი ორ წელზე მეტია სრულიად შეფერხებულია. უკვე სამი წელია, პირადად მე, თეატრში რეპეტიციები არ მქონია... ერთადერთი იყო, გასულ წელს, თეატრში „ფიგაროს ქორწინება“ რომ დავდგით, ამ სპექტაკლში ვითამაშე და იმის შემდეგ სცენაზე აღარც გავსულვარ...

- ხელოვანისთვის ხომ ყველაზე რთულია, არ იყოს სცენაზე, ვერ ხედავდეს მაყურებელს, მის აღფრთოვანებას, ტაშსა და ოვაციას ვერ ისმენდეს...

- დიახ... წარმოიდგინეთ ფეხბურთელი რომ წლების განმავლობაში გააჩერო, არ ათამაშო და ვარჯიშის საშუალებაც არ მისცე. სამი წლის განმავლობაში რომ ასე გაატარებს, მერე ის მოედანზე ვეღარც გავა და ისე ვეღარ ითამაშებს, როგორც საჭიროა... თუ ყველაფერი შედარებითია, იგივე გვემართება ხელოვანებსაც.

მსახიობს ძალიან სჭირდება ყოველდღიური "ტრენაჟი", რომელიც შეგიძლია სახლის სივრცეში გააკეთო, მსახიობს სჭირდება - სცენაზე გამოვიდეს, მაყურებლის წინაშე წარდგეს და უამისობა ძალიან დიდი დანაკლისია მის ცხოვრებაში და ზოგადად, ხელოვნებაში.

როდესაც მსახიობი ხარ, რეჟისორსა და ძალიან ბევრ რამეზე დამოკიდებული ხარ... კომპოზიტორი, მხატვარი ან მწერალი რომ ვიყო, ჩემთვის დავჯდებოდი და რაღაცას იმ სივრცეში შევქმნიდი, სადაც ყოფნა მომიწევდა.

- ისევ თქვენს პირად ტრაგედიაზე საუბარს რომ დავუბრუნდეთ, ვირუსმა დედა წაგართვათ... როგორ უყურებთ იმის შემდეგ ვაქცინაციის საკითხს?

- დედა აცრილი იყო, უბრალოდ, პირველი აცრიდან მხოლოდ ერთი თვე იყო გასული, მეორედ აცრა ვეღარ მოვასწარით და როგორც ვიცით, ერთი აცრა ძალიან ცოტაა სიცოცხლის გადასარჩენად...

ინდივიდუალურად გამოიკვეთა ჩვენ ირგვლივ ის, რომ ვიღაცას უნდა აცრა, ვიღაცას არა... თუმცა ჯერ კიდევ შარშან ყველა იმ აზრზე ვიყავით, ოღონდ რამე წამალი და საშველი გამოჩენილიყო... პირადად მე და ჩემი ოჯახის ყველა წევრი უკვე ორჯერ ავიცერით და "ბუსტერსაც" აუცილებლად გავიკეთებთ.

არიან ადამიანები, რომლებიც აცრას სკეპტიკურად უყურებენ და სხვებსაც იმავეს მოუწოდებენ... რაღაც მომენტში მათიც მესმის, იმდენად არასწორად და არათანმიმდევრულად წარიმართა ქვეყანაში ეს საკითხი.

თავიდან აცრა სავალდებულო გახადეს და ვინც არ აიცრებოდა, ჯარიმდებოდა... შემდეგ ჯარიმა მოიხსნა, გარკვეული შეზღუდვები დარჩა და რაღაც პერიოდის შემდეგ ისიც მოიხსნა; ახლახან კი გავიგეთ, რომ თურმე "მწვანე პასპორტებიც" არ ყოფილა საჭირო... ამიტომაც, ამ ხალხს რაღაც კითხვები გაუჩნდა, რომელთა ნაწილი ანტივაქსერად ჩამოყალიბდა.

ანტივაქსერები თვითონ ფიქრობენ, რომ სწორად იქცევიან, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ყველამ უნდა ვიზრუნოთ სხვა ადამიანების ჯანმრთელობაზე. პროცენტულად რაც მეტი აცრილი ადამიანი იქნება, მით მალე დასრულდება პანდემია... თუმცა მე ყველას აზრს დიდ პატივს ვცემ! ვერავის დავაძალებ და მოვუწოდებ, გინდა თუ არა აუცილებლად აიცერი-მეთქი. მხოლოდ იმას ვთხოვ, სხვის ჯანმრთელობას ნუ დააყენებენ საფრთხის ქვეშ, ვხედავთ, რამდენი ადამიანი შეიწირა ამ საშინელმა ვირუსმა.

- პანდემიამ ადამიანები მთლიანად დაგვაშორა ერთმანეთს და სოციალურ ქსელებში გადავინაცვლეთ... როგორ უყურებთ სოციალური ქსელების დადებით და უარყოფით მხარეებს?

- სოციალური ქსელებით ადამიანებმა ერთმანეთთან სასაუბრო სივრცე მოძებნეს, სადაც ნებისმიერ თემაზე ერთმანეთისთვის აზრების გაცვლა ხდება... შვება ვიპოვოთ, ხასიათი გავიუმჯობესოთ, ნერვებს გავუფრთხილდეთ, რომ მოვახერხოთ და სიმშვიდე მოვიპოვოთ... როდესაც ყურადღება სხვა თემაზე გადაგვაქვს, იმ წუთას იმაზე ფიქრი აღარ გვიწევს, რაც ჩვენთვის ძალიან მძიმეა და ჩვენს ცხოვრებაში ხდებ
ა.


კომენტარები: