„ამ კაცს ფული მაინც აქვს და გამოისყიდის აფხაზეთსა და სამაჩაბლოს“ – იმედგაცრუებული პეტრე კოლხი ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს

10 იანვარი 2022, ორშაბათი


„ამ კაცს ფული მაინც აქვს და გამოისყიდის აფხაზეთსა და სამაჩაბლოს“ – იმედგაცრუებული პეტრე კოლხი ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს


მამა პეტრე კოლხი ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს.

„შობა-ახალ წელს გილოცავთ, ბატონო ბიძინა… 2012 წლიდან ათი წელი გავიდა… მაინც მჯერა, რომ კარგი გინდათ თქვენი ქვეყნისთვის და ალბათ, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტეთ, ეს იყო. შეიძლება ვცდები, მაგრამ ასე მინდა მჯეროდეს.

ოცნება ისეთი სიტყვაა, ადამიანი ხშირადაც რომ არ იტყვის, რადგან ფასი არ დაეკარგოს და არ გახუნდეს… მხოლოდ მაშინ წამოიძახებს, როცა ძალიან გაუჭირდება და ვინ იცის, იქნებ აუხდეს კიდეც. დედა მეტყოდა ხოლმე, ჩემი ოცნებაა საკუთარ თავს და შენს და-ძმას გამოადგეო. დედა გარდაცვლილი მყავს, ამ სიტყვამ კი კიდევ უფრო მეტი დატვირთვა და პასუხისმგებლობა იქონია ჩემს ცხოვრებაში.

მე არ ვარ თქვენი ამომრჩეველი, ზოგადად არც ერთი პარტია არ ამირჩევია, ახლა არ ვნანობ, რომ არ აგირჩიეთ. მით უმეტეს, არ ვნანობ, რადგან სიტყვა ოცნებაც ისეთი გაუბედურებული, გაძარცული და დაჩაგრული გახდა, დედაჩემის უკვე ჩამქრალი თვალებიდანღა მახსენდება, რა არის მისი ნამდვილი არსი და დანიშნულება.

არ იცით, როგორი იმედი მქონდა, გული სიხარულით მიცემდა. ჩემთვის ვამბობდი, ამ კაცს ფული მაინც აქვს და საკუთარი ფულით მაინც გამოისყიდის აფხაზეთს და სამაჩაბლოს, მეთქი. მიამიტი ვარ, არა?! ვოცნებობ, ალბათ?! ჰოდა, თქვენ გამიჩინეთ ამის იმედი და მეც გეუბნებით, რომ ეს იყო ჩემი ქართული ოცნება. მაგრამ ოცნებაც გაქრა, ოცნებაც ჩაიკარგა.

ამ ათი წლის მანძილზე მარტო ის მესმის, რომ წინამორბედი ხელისუფლება იყო მოძალადე, ქართული სახელმწიფოს მტერი, დამნაშავე და ა.შ. მთელი ეს წლები ხელისუფლებამ მარტო ამაზე ისაუბრა, მარტო ეს „დაგვანახვა“, რომ სულზე მოგვისწარით, თორემ დავიღუპებოდით. დიახ, თქვენი პარტიის ერთადერთი ხელჩასაჭიდი ის აღმოჩნდა, რომ მოსახლეობის უმეტესობას სძულდა „ნაციონალური მოძრაობა“. თქვენზე გამართლდა სიტყვები -„ზოგი ჭირი მარგებელიაო“, თორემ ამ უნიათო ხელისუფლებას სხვა რა უშველიდა, აქამდეც რომ მოეღწია.

მაინც მინდა მჯეროდეს, რომ თქვენც იმედი გაგიცრუათ, თქვენ მიერ დაარსებული პარტიის წევრებმა, თავიანთი არაპროფესიონალიზმით და უმოქმედობით. იმედია, არც თქვენ მოგწონთ ამ გაღატაკებულ ქვეყანაში პრემიერისგან იმის მოსმენა, თუ როგორი მზარდი ეკონომიკა გაგვაჩნია. შეიძლება ის სხვა რეალობაში ცხოვრობს. არ გვაქვს პრეტენზია, ჩვენც იქ გადაგვასახლოს და ჩვენც დაგვანახოს, როგორ აყვავდა და აშენდა ქვეყანა.

ბატონო ბიძინა, მე ერთი რიგითი სასულიერო პირი ვარ, ძალიან არ მიყვარს პოლიტიკობანა და საკუთარი თავის მხარედ წარმოჩენა, არ მიყვარს, ვიღაცის მეხოტბეობა. მხოლოდ ერთადერთი ავტორიტეტი მყავს, იესო ქრისტე და ეს საკმარისია ჩემთვის.

ჰოდა, ახლაც მხარეს არ წარმოვადგენ, ეკლესიის სახელით არ გესაუბრებით. მსმენია, რომ დიდად არც სასულიერო პირები გიყვართ და სადღაც ამაშიც გეთანხმებით. უბრალოდ, გულს ვიოხებ, თორემ არ გეგონოთ რამის იმედი მქონდეს ამ ქვეყანაში. თქვენ ალბათ გიკვირთ, რა ალაპარაკებს ამ მღვდელს, ეკლესიას ხომ თანხა ეძლევაო.

ბატონო ბიძინა, მარტო ჩემი არ მალაპარაკებს, ჩემს უკან ათასობით სასულიერო პირი დგას, ვისაც მართლა ისე შია, შეიძლება ლაპარაკის თავიც არ ჰქონდეს. მღვდლები, როგორც წესი მრავალშვილიანი ოჯახის მამები არიან. რატომ უნდა ჰქონდეს მღვდლის შვილს იმის კომპლექსი, მამამისი სასულიერო პირი რომ არ იყოს, საჭმელიც ექნებოდა და ჩასაცმელიც.

პანდემიამ კიდევ უფრო მეტად დააზარალა მღვდლის ოჯახი. არც ნათლობა ტარდება, არც ჯვრისწერა. პანდემიას ზედ დაერთო ამ მთავრობის პოლიტიკოსობანას თამაში. მე პირადად, ექვსი შვილი და ერთი შვილიშვილი მყავს. ბევრჯერ უთქვამს ჩემს უფროს შვილს, წამოდი იქიდან, როდემდე იქნები ამ მდგომარეობაშიო…

ბატონო ბიძინა, მე ფულის საკეთებლად ეკლესიაში არ მოვსულვარ. ორი დისერტაცია დავწერე და ოცი წიგნის ავტორი ვარ, მაგრამ ღმერთი მიყვარს, ეკლესიაში მეტი სამართლიანობის იმედი მქონდა და ზღვა მეპატარავებოდა, ოკეანეზე ვფიქრობდი, აკვარიუმში მოვხვდი.

დიახ, არასდროს მიფიქრია, მღვდლობით ფული მეშოვა, მაგრამ ვერც იმას ვიფიქრებდი, თუ ასეთი უბედურება დამხვდებოდა. თუ პანაშვიდების პარკების ყურება მოგვიწევდა. ბატონო ბიძინა, შემზარავი საყურებელია, პანაშვიდის სუფრებს, როგორ იყოფენ დამშეული მღვდლები. ვიღაც, თქვენი პარტიის ტროლ-ბოტი, რომელსაც თბილისის მერიაში ხალხის ლანძღვის და შეურაცხყოფის გამო ხელფასს უხდიან, გამოხტება და იტყვის, მღვდლები ბიძინამ არჩინოსო?! არა, ეს არ მითხოვია ბატონო ბიძინა, ბალანსის დაცვას ვითხოვ, თანხების სწორ გადანაწილებას და სასულიერო პირებისთვის ოდნავ მეტი ყურადღების მიქცევას.

ყველას ერთ ქვაბში გვყრიან და გვხარშავენ… ფულიანს, უფულოს, ჯიპიანს, უჯიპოს, მშიერს, მაძღარს, წიგნიერს, უწიგნურს, ღირსეულს, უღირსს… ბატონო ბიძინა, თქვენც გსმენიათ, ალბათ, ერი უნდა გამრავლდეს, დემოგრაფიული საკითხი უნდა მოგვარდესო. თქვენ მითხარით, რომელი მრავალშვილიანი ოჯახია დაფასებული ჩვენს ქვეყანაში?! რისთვის გავმრავლდეთ, ერთმანეთი რომ დავხოცოთ?! ამ ხელისუფლებამ ერთი რამ ნამდვილად გააკეთა, ყველას ემიგრაციაში მოგვინდა წასვლა. რომ არა ემიგრანტები, ქვეყნის მოსახლეობა ამოწყდებოდა, ბატონო ბიძინა! არ გეგონოთ, მარტო ჩემი ამბავი მაწუხებდეს. არა, ჩემზე უარეს დღეში არიან ის სასულიერო პირები, ჩემზეც ისაუბრეო, რომ მწერენ.

ბატონო ბიძინა, მე არ დავიკარგები. ჩემს ოჯახს ხელს მოვკიდებ, მეც წავალ ემიგრაციაში, მაგრამ ეს ქვეყანა დიდხანს ვერ იარსებებს, თუ ასე გაგრძელდა და ძალიან ცუდად დაიწერება „ქართული ოცნების“ ისტორია.

თუ სიმართლე ვისაუბრეთ, თქვენი პარტიის დამქაშები გვიტევენ, „აგი ნაცი ყოფილა“. არა, ბატონო ბიძინა, არავითარი პარტია, ჩემი ქვეყანა და ეკლესია მტკივა. მშვიდობა და სიყვარული მინდა… არ მინდა გაზრდილი კომუნალურები, გასამმაგებული პროდუქტები, გაძვირებული საწვავი, კიდევ უფრო გაძვირებული ტრანსპორტი.

90-იანი წლების ნოსტალგია მაქვს, მაშინ ადამიანები სხვანაირად ვეპყრობოდით ერთმანეთს. მოპყრობის და კარგი ურთიერთობის რა გითხრათ, მაგრამ დავბრუნდით 90-იან წლებში და მალე ფეხით ვივლით, ალბათ. ჰოდა, ეს ძალიან ცოტა ამბავია, რაც მინდოდა მეთქვა. ვიცი, შედეგი არ ექნება ამ საუბარს, მაგრამ საკუთარ თავთან მაინც ვიქნები მართალი. ჩვენ ჯანდაბას, თქვენ მაინც იყავით კარგად, ბატონო ბიძინა!“, – წერს სასულიერო პირი.


კომენტარები: