სააკაშვილი: პუტინს ხშირად უკითხავს ჩემთვის, “სტალინი ხომ ოსი იყო და არა ქართველიო”

03 თებერვალი 2022, ხუთშაბათი


სააკაშვილი: პუტინს ხშირად უკითხავს ჩემთვის, “სტალინი ხომ ოსი იყო და არა ქართველიო”


“თუ მოვლენები უარესი სცენარით განვითარდა და რუსეთმა დაიპყრო სამხრეთ-აღმოსავლეთი უკრაინა, მოწყვიტა ის შავი ზღვისგან, ჩათვალეთ, რომ საქართველოს დამოუკიდებელი არსებობა დასრულდება და ჯერ არაფორმალურად და შემდეგ უკვე ფორმალურად ქვეყანა ახალი სახით აღდგენილი საბჭოთა კავშირის ნაწილი გახდება”, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილიუკრაინაში მოვლენების განვითარების შესაძლო სცენარებთან დაკავშირებით წერს.

როგორც სააკაშვილი ფეისბუქზე გავრცელებულ ვრცელ პოსტში აღნიშნავს, განვითარებული მოვლენები ორ ქვეყანას შორის ქიშპობა არ არის და ახლა წყდება, “რომელ საზოგადოებას აქვს მეტი სიცოცხლისუნარიანობა, საკუთარი იდეის გარშემო გაერთიანების და მის დასაცავად უფრო მძლავრი მობილიზაციის უნარი”.


“რა უნდა პუტინს: 2001 წელს პუტინმა განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა მე-20 საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა იყო. ეს არა მარტო მისი ღრმა რწმენაა, ამით გაჟღენთილია მისი ყველა უჯრედი. მას სხვაგვარად ვერ წარმოუდგენია, ის ჰომო სოვეტიკუსია, ამ სიტყვის აბსოლუტური და ყველაზე საზარელი გაგებით.

პუტინს ბევრჯერ შევხვედრივარ. მისთვის ხელშეუვალი იდეალია სტალინი. ხშირად უკითხავს ჩემთვის, “სტალინი ხომ ოსი იყო და არა ქართველიო”. ჩემთვის ბოლომდე გაუგებარი მიზეზების გამო, მას ქართველები განსაკუთრებით ეჯავრება. ერთი-ორჯერ კი მითხრა, აი ბერია კი ნამდვილად ქართველი იყოო. პუტინი ბერიას მოღალატედ მიიჩნევს. ფიქრობს, რომ მას უნდოდა საბჭოთა კავშირის დაშლა და დასავლეთთან კაპიტულაცია. ამიტომ და ალბათ სხვა მიზეზების გამოც, მის ტვინში ღრმადაა ჩაბეჭდილი ქართველის, როგორც რუსეთის იმპერიის მოღალატის პარადიგმა. თვით ბერიასაც კი ამ პარადიგმის ნაწილად მიიჩნევს, არათუ თავისუფლებისთვის მებრძოლ ქართველ ერს, ვისი ანტისაბჭოთა პროტესტებიც, მოდით გულწრფელად ვთქვათ, აღმოჩნდა საბჭოთა კავშირის დაშლის გამშვები მექანიზმი (თუ შიდა პოლიტიკურ ფაქტორებზე ვისაუბრებთ).

პუტინს მიაჩნია, რომ საბჭოთა კავშირის ახალი ფორმით აღდგენა მისი წმინდა ვალია და მისი მესიანისტური მისია. მისი ვერსიით, ახალი რუსული იმპერია უნდა შედგებოდეს თავად რუსეთისგან, ბელარუსისგან, კავკასიისა და ყაზახეთის ჩრდილოეთ ნაწილისგან. რაც შეეხება უკრაინას, მას უკრაინა, განსაკუთრებით კი კიევი, უნდა როგორც “რუსი ქალაქების დედა”, მაგრამ პუტინს კატეგორიულად არ უნდა კათოლიკური დასავლეთ უკრაინა და მის შემოერთებას სტალინს ლამის ერთადერთ შეცდომად უთვლის. პუტინი ფიქრობს, რომ დასავლეთ უკრაინა საბჭოთა კავშირში ჩადებული ნაღმი იყო.


პუტინს აქვს პირადი გამოცდილებები უკრაინასთან დაკავშირებით. თავის დროზე, გერმანიიდან სასწრაფოდ გადმოყვანის შემდეგ, ერთი პერიოდი მსახურობდა ოდესაში და თვლის, რომ ადგილობრივები მას იქ ძალიან ცუდად ეპყრობოდნენ. ასევე, თხილამურებით ხშირად სრიალებდა დასავლეთ უკრაინაში, კარპატებში, და ვერ ფარავდა ზიზღს იქაურების მიმართ, რომელთაც დაუფარავად მიიჩნევდა მტრულ ელემენტებად. ამავე დროს, მას მისტიურად იზიდავს კიევი. შეიძლება ითქვას, რომ პეტერბურგსა და მოსკოვზე წინ აყენებს და, არ გამოვრიცხავ, მის ანთებულ გონებაში, აღდგენილი იმპერიის დედაქალაქად სწორედ კიევს განიხილავდეს.

ესაა, პუტინის საოცნებო გეოგრაფია. ამავე დროს, როგორც პეტრე პირველი თავის დროზე უკრაინის წართმევის მოტივით ეომებოდა მაშინდელ დიდ ევროპულ სახელმწიფოებს, შვედებს და პოლონელებს, და სწორედ კიევის აღების შემდეგ პეტრემ იმპერიას დაარქვა “რუსეთი”, ასევე პუტინს მიაჩნია, რომ უკრაინაში მანდ უნდა დაამარცხოს არა იმდენად თავად უკრაინა, არამედ მთელი დასავლური ცივილიზაცია და ამ გზით ჩამოანგრიოს დემოკრატიასა და თავისუფლებისკენ სწრაფვაზე დაფუძნებული თანამედროვე მსოფლიო წესრიგი.

ამის დასტურია, რაც პუტინმა 2008 წლის თებერვალში, ბოლო შეხვედრისას მითხრა: “ის, რაც თქვენ შეიძლება მოგივიდეთ, თქვენზე მეტად თქვენ დასავლელ მოკავშირეებს ეხება, ესაა ბევრად დიდი თამაში ვიდრე საქართველო.“ 2008 წლის შემოჭრამდე, რუსეთი მინიმუმ 2 წლის განმავლობაში ტესტავდა დასავლეთის რეაქციებს და თავდასხმის საბოლოო გადაწყვეტილება მხოლოდ ამის შემდეგ მიიღო.

საქართველოს შემთხვევაში, სამწუხაროდ, დასავლეთი ძალიან გახლეჩილი და არაადეკვატური აღმოჩნდა. ახლა, საბედნიეროდ, სიტუაცია რადიკალურად შეცვლილია. პუტინმა ჩათვალა, რომ კორონავირუსის კრიზისის ფონზე და ავღანეთიდან ქაოტური გამოსვლის შემდეგ, ამერიკელებს არც თვითონ ექნებოდათ სერიოზული რეაგირების რესურსი და ვაშინგტონი ვერც სხვა მოკავშირეებს დაარწმუნებდა მკვეთრი ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობაში. აქვე იმასაც მივაქციოთ ყურადღება, რომ ისევ ოლიმპიადის ფონზე ხდება და ეს ოლიმპიადა ისევ პეკინშია. მივაქციოთ ამას ყურადღება და გავითვალისწინოთ, რომ პუტინს, როგორც ყველა მანიაკალური იდეებით შეპყრობილს, მსგავსი „მაგიური დამთხვევების“ ძალიან სჯერა.
მაგრამ, ჩემი თვალთახედვით, პუტინმა სამმაგი შეცდომა დაუშვა.

ჯერ ერთი, ბაიდენი რაც არ უნდა დაღლილად გამოიყურებოდეს, მძლავრი პოლიტიკური ფიგურაა, ადვილად შეუძლია მობილიზება და მოქნილად გადაჯგუფება. ამას გარდა, ის მშიშარა არაა, პირიქით.

მეორე, ავღანური მარცხის შემდეგ, ვაშინგტონში გაჩნდა დამატებითი მოტივაცია, მკაფიოდ და სწორხაზოვნად დაუმტკიცონ გარესამყაროს, რომ ამერიკის ეპოქა არ დასრულებულა და რომ ავღანეთი ხელიდან გაუშვეს მხოლოდ იმიტომ, რომ თავად ავღანელებს არ აღმოაჩნდათ შესაბამისი ფასეულობებისადმი ერთგულების და თანმიმდევრული და თავდადებული ბრძოლის ენერგია. უკრაინელები კი მზად არიან იბრძოლონ სამშობლოსთვის, თავისუფლებისთვის და დასავლეთისთვის. მზად არიან და ამას ასხივებენ. შესაბამისად, ამერიკელების მოვალეობაა, ამ ბრძოლაში მათ გვერდით დაუდგნენ.

რაც შეეხება ევროპელებს, უკრაინის შესაძლო განადგურება იმდენად კონკრეტული საფრთხის მატარებელია უახლოესი სამეზობლოსთვის, რომ ფინეთმა და შვედეთმა სერიოზულად დაიწყეს ნატოში შესვლაზე ფიქრი, ხოლო პოლონეთისთვის, ბალტიის ქვეყნებისთვის, რუმინეთისთვის და ბულგარეთისთვისაც კი, ეს უკვე ეგზისტენციალური საკითხია – უკრაინაზე გადის მათი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის ბედი.
მესამე ფუნდამენტური შეცდომა არის ის, რომ თუ პუტინს მაინც უნდოდა რაღაც სახის ომი და ტერიტორიის აღება, ის ამ ესკალაციამდე, შედარებით უმტკივნეულოდ განახორციელებდა შედარებით მცირე მასშტაბის, მაგრამ მისთვის მნიშვნელოვან ოპერაციას. მაგალითად მარიუპოლის აღებას და ყირიმზე სახმელეთო დერეფნის აღებას აზოვის ზღვის მთლიანად მითვისებასთან ერთად.

დასავლეთის რეაგირება ამაზე მტკივნეული და მწვავე იქნებოდა, იქნებოდა სანქციებიც, მაგრამ დღევანდელ მასშტაბებთან შედარებით ეს მნიშვნელოვნად ნაკლები იქნებოდა. ძალიან მნიშვნელოვნად. ახლა პუტინმა ისე მაღლა ასწია თამასა, ისეთი თავხედურად, მოძალადეობრივად და დამცინავად გამომწვევად მოექცა დასავლეთს, რომ უპრეცენდენტო პოლიტიკური და გეოპოლიტიკური მუშტი მიიღო უკან.

და მაინც, თუ დაიწყო ომი, რა სცენარები არსებობს.

ამ მდგომარეობაში თუ პუტინმა მაინც ბოლომდე აიღო ხელი და ომის დაწყება გადაწყვიტა, ეს შეიძლება იყოს მხოლოდ მთელს ფრონტზე შეტევა ყველა მისი ბრძოლისუნარიანი ნაწილის გამოყენებით. ოპერაციის ამოცანა იქნება, პირველ რიგში, უკრაინის არმიის ალყაში მოქცევა და განადგურება. ამას ლამობდა 2008-ში რუსეთი, როცა ლარსიდან შემოდიოდა და გორთან უნდოდა ჩვენი ნაწილების ალყაში მოქცევა. ეს გააკეთა რუსეთმა უკრაინაში, ილოვაისკსა და დებალცევოში, სადაც ათასობით უკრაინელი ჯარისკაცი გაანადგურა და სერიოზული ზარალი მიაყენა უკრაინის სამხედრო პოტენციალს.

თუ განხორციელდა, ეს იქნება შემოჭრა ჩრდილოეთიდან და მთელი აღმოსავლეთიდან ხმელეთით, ხოლო სამხრეთიდან – ზღვით, რათა მაქსიმალურად გაზარდოს უკრაინის თავდაცვითი პერიმეტრი. სავარაუდოდ, პირველ დღეებში, უკრაინელებს მოუხდებათ სწრაფი უკანდახევა და სიღრმეში გამაგრება და ამგვარად პირველი გამანადგურებელი ტალღის თავიდან აცილება. თუ ეს წარმატებით განახორციელეს, უკვე რუსები დგებიან უმძიმესი დილემის წინაშე. ისინი მიადგებიან 1,7 მილიონ მაცხოვრებლიან ხარკოვს, მილიონზე მეტი მაცხოვრებლიან ოდესას, თითქმის მილიონიან დნეპრს, კრივოი როგს, ზაპოროჟიეს. რაც არ უნდა გაწვრთნილი ჯარები ჰყავდეთ რუსებს, ამ უზარმაზარი ქალაქების ფრონტალური შეტევით აღებას იგი ვერასგზით ვერ შეძლებს. ამიტომ, სავარაუდოდ, რუსები რკალად შემოერტყმებიან ქალაქებს და დაელოდებიან სიტუაციის განვითარებას. ეს ქალაქები სხვადასხვაგვარია, სხვადასხვა პოლიტიკური განწყობებით და წინააღმდეგობის განსხვავებული მოტივაციით და შესაძლებლობებით.

დნეპრი რუსულენოვანი, მაგრამ ძირითადად ძალიან პროუკრაინული ქალაქია და 2014-მა წელმაც აჩვენა, რომ ბოლომდე იბრძოლებს. ხარკოვის მოსახლეობის უმეტესობა პრორუსულია, მაგრამ ქალაქის ელიტა და ასევე მრავალრიცხოვანი სტუდენტობა ძირითადად კიევსა და დამოუკიდებელ უკრაინაზეა ორიენტირებული. ზაპოროჟიესა და მარიუპოლში საქმე უფრო მძიმედაა. განსაკუთრებით მარიუპოლში, სადაც მე სპეციალურად გავხსენი ოფისი, ბევრი ვიმუშავე და ვიცი, რომ 2014 წელთან შედარებით, შეუდარებლად უკეთესი სიტუაციაა, მაგრამ გეოგრაფიული იზოლაციისა და დემოგრაფიული სპეციფიკის გამო, მარიუპოლი რჩება რუსეთისთვის შედარებით იოლ სამიზნედ. თანაც ქალაქი ქმნის უკრაინის მთლიანი შიდა პროდუქტის 6-7%-ს თავისი მეტალურგიით და მისი გათიშვა უკრაინისთვის ძალიან მტკივნეული დარტყმა იქნება.

რაც შეეხება თავად კიევს, რაც პუტინისთვის წმინდა გრაალის ტოლფასია – მისი აღება მე სრულიად შეუძლებლად მიმაჩნია. ვინაიდან ის არის 5,5 მილიონიანი, ძალიან მჭიდროდ დასახლებული უზარმაზარი და მკაფიოდ პროდასავლური ქალაქი, უკიდურესად ანტირუსული განწყობითა და ბრძოლისუნარიანი მოსახლეობით. მის ასაღებად რუსებს დასჭირდებათ მინიმუმ 2-წლიანი ბლოკადა, რაც გადაიზრდება გლობალურ ჰუმანიტარულ კატასტროფაში, რაც, ცხადია, სრულად წარმოუდგენელი აბსურდია.

რა თქმა უნდა, პუტინი მთელი ეს დრო პრორუსულ აგენტურას ამზადებდა ბევრ ამ ტერიტორიაზე, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ფონდების საფარქვეშ მოქმედებენ რუსების დაფინანსებული პრაქტიკულად დივერსიული ჯგუფები. ადგილობრივი ელიტების ბევრ წარმომადგენელს მჭიდრო ბმა აქვთ რუსებთან და უკრაინულ სპეცსამსახურებშიც ძალიან სერიოზულია რუსული აგენტურის ინფილტრაცია.

რა ხდება, თუ პუტინი ომს ვერ იწყებს?

ბოლო თვეებში პუტინმა სტრატეგიულად არასწორი გათვლები გააკეთა და ახლა მისთვის უკვე მთავარი და ალბათ ერთადერთი ამოცანა სახის შენარჩუნებაა. ამის რეალისტური გზა კი საკუთარი მოსახლეობისთვის იმის მოჰყოლაა, რომ მათ სადღაც რამე მიიღეს და დამარცხებული არ გამოსულან ამ დაპირისპირებიდან. ბუქარესტის ფორმულირება თავიდანვე ყურით მოთრეული საბაბი იყო, ვინაიდან, პირველ რიგში, დასავლეთი ამ ეტაპზე ნამდვილად არ ფიქრობს, რომ უახლოეს წლებში უკრაინას და საქართველოს ნატოში მიიღებს. სხვათა შორის, 2008-ში მერკელს უნდოდა უკრაინისთვის მაპის მიცემა და საქართველოს გვერდზე გაწევა და ბუშმა ცოცხალი თავით არ დაანება. ახლა უკვე უკრაინაც მიუღებელია ბერლინისთვის და მისი გავლენის ქვეშ მყოფი ცალკეული ევროპული სახელმწიფოებისთვის.

ამერიკელებმა გაუგზავნეს დახურული გზავნილები რუსეთს, სადაც, გამორიცხავენ ნატოს ღია კარის პოლიტიკის გადახედვას. მართლაც, სინამდვილეში, უახლოეს დროში, რუსეთი მიიღებს ნატოს ორ ახალ წევრს საკუთარ საზღვრებთან, ოღონდ ეს იქნება ფინეთი და შვედეთი. და ამით დასრულდება ევროპული ნეიტრალიტეტის იდეა, როგორც დრომოჭმული და რეალობას აცდენილი. მეორეს მხრივ, როგორც ჩანს, ამერიკა სთავაზობს მოლაპარაკებებს ცოცხალი ძალის განლაგებისა და შეიარაღების შეზღუდვის კუთხით. ასევე მინსკის ხელშეკრულების შესრულების კუთხით. აქ ორივე მხარეს აქვს მანევრირების შესაძლებლობა. არ გამოვრიცხავ, დასავლეთი შეგნებულად უტოვებდეს რუსეთს სივრცეს მანევრისთვის, რადგან კედელს არ დააჯახოს და გონებადაკარგული კრემლი მსოფლიო კოლაფსზე არ წავიდეს. მეორეს მხრივ, რუსეთი უკვე იმდენად დაზარალდა (პრაქტიკულად, ჩამოიშალა) ეკონომიკურად და კიდევ იმდენად დიდი ზიანი ელის, რომ სახის შენარჩუნების ფორმალურ მიზეზსაც კი ჩაებღაუჭება, ოღონდ ამ სიტუაციიდან რამენაირად გამოძვრეს.

დაიშალეთ. დიდი ომი არ იქნება. აბა რა შეიძლება მოხდეს?

ერთის მხრივ, 2008 წელთან ბევრი პარალელი და დამთხვევაა. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ახლაც ოლიმპიადაა და ახლაც ჩინეთში; ახლაც, როგორც 2008-ში, ევროკავშირს თავმჯდომარეობს საფრანგეთი; რუსეთი იდენტურ ნაბიჯებს დგამს, როგორც, მაგალითად, წვრთნები, მუქარის შემცველი განცხადებები, ცალკეული დივერსიები. მაგრამ არის ერთი უზარმაზარი და გადამწყვეტი განსხვავება – დასავლეთი არის ბევრად უფრო კონსოლიდირებული და საღად მოაზროვნე, ბევრად თანმიმდევრული და ხისტი, ვიდრე 2008-ში ან 2014-ში. ზოგჯერ მეჩვენება, რომ უფრო ხისტიც, ვიდრე თავად უკრაინელები.
რუსეთმა ბევრი დრო დაკარგა და ხელიდან გაუშვა მომენტუმი. ახლა დრო მის წინააღმდეგ მუშაობს. მან არა მხოლოდ გადაიმტერა უკრაინული სახელმწიფო, არამედ ახლა უკვე ბელარუსიების და ყაზახების უმრავლესობაც, სადაც რუსული მარიონეტული რეჟიმები დელეგიტიმიზირებულია. ამ ტენდენციიდან ამოვარდნილია საქართველო, მაგრამ ძალიან მცირე ხნით, იმიტომ რომ ივანიშვილის რეჟიმი ბოლომდე მორყეულია. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი გადარჩენის გასაღები თუნდაც დასავლური ფართომასშტაბიანი მხარდაჭერის გზით, მხოლოდ ჩვენ ხელშია. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ დღევანდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, ჩვენ უფრო გვჭირდება დასავლეთი, ვიდრე მას ჩვენ. და ისიც, რომ დასავლეთს სჭირდება არა დასუსტებული, მოფამფალებული, პოლარიზებული და ერთიან პოზიციაზე ვერ მდგომი ქართველების სახელმწიფო, არამედ მკაფიო დასავლური ფასეულობების, ერთიანობის შემძლე და საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესების თანმიმდევრულად დამცველი ქვეყანა, სახელად საქართველო.

რეზიუმეს სახით ვიტყვი, რომ პუტინმა აშკარად და მნიშვნელოვნად გადააფასა თავისი ძალები და დაუშვა ფატალური შეცდომა. უკრაინა, ჩემი აზრით, ამ ეტაპზე გადარჩენილია. თუმცა პუტინი მის რყევას გააგრძელებს. მათ შორის, შიდა პოლიტიკური თვალსაზრისით. ამავე დროს, ყურადღების გადასატანად მან შეიძლება მაგალითად მონტენეგროს ტიპის გადატრიალება მოახდინოს საქართველოში, სადაც ახლა მისი მოქმედებისთვის იდეალური სიტუაციაა – ბოლომდე დისკრედიტებული ხელისუფლება, უსუსტესი დემოკრატიული ინსტიტუტები და მძლავრი პროპაგანდისტული და აგენტურული ქსელი ადგილზე.

ნებისმიერ შემთხვევაში, ვუგულშემატკივროთ უკრაინას, ბოლომდე და ღიად, ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე დავუჭიროთ მხარი, მაგრამ გვახსოვდეს, რომ ყოველი კრიზისი, არის შესაძლებლობის ფანჯარა, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიყენო”, – წერს სააკაშვილი.



კომენტარები: