უარი ესპანეთისგანაც და ბრაზილიისგანაც - რეალი ბილბაოს თასზე ძალიან შესუსტებული შეხვდება

22 იანვარი 2022, შაბათი


მადრიდის „რეალი“ კოპა დელ რეის ¼-ფინალურ მატჩში საკმაოდ შესუსტებული იქნება.

საქმე ისაა, რომ 26 იანვრიდან 3 თებერვლამდე სამხრეთამერიკაში სანაკრებო მატჩები გაიმართება მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით.

„რეალიდან“ ამ მატჩებისთვის ბრაზილიელები: მილიტაო, კაზემირო, ვინისიუსი და როდრიგო და ასევე ურუგვაელი ფედე ვალვერდე გამოიძახეს. 

ამის გამო, მადრიდულმა კლუბმა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას კოპა დელ რეის მატჩის გადადების თხოვნით მიმართა, ჯერ კიდევ იქამდე, სანამ გაიგებდა, რომ მისი მეტოქე „ბილბაო“ იქნება. თუმცა, ფედერაციისგან უარყოფითი პასუხი მიიღო.

მაშინ „რეალმა“ ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციას თხოვა, რომ ზემოთაღნიშნული ფეხბურთელები (ბუნებრივია ვალვერდეს გარდა) ნაკრებში წასვლისგან დაითხოვოს. ბრაზილიას მუნდიალზე მონაწილეობა უკვე განაღდებული აქვს და „ბლანკოსი“ მათგან დადებით პასუხს ელოდა.

თუმცა, ახლახანს გავრცელდა ინფორმაცია, რომ „რეალმა“ ბრაზილიელებისგანაც უარი მიიღო და შესაბამისად, „ბილბაოსთან“ საკმაოდ შესუსტებული შემადგენლობით მოუწევს ასპარეზობა.

კოპა დელ რეის ¼-ფინალური მატჩი „ბილბაო“ – „რეალი“ 2 თებერვალს გაიმართება.


კომენტარები: