სტეიპლს ცენტრთან მდებარე ერთ-ერთ ქუჩას კობი ბრაიანტის სახელი მიენიჭება

25 აგვისტო 2020, სამშაბათი
117

ლოს-ანჯელეს „ლეიკერსის“ საშინაო არენასთან, „სტეიპლს ცენტრთან“ მდებარე ერთ-ერთ ქუჩას უახლოეს პერიოდში კობი ბრაიანტის სახელი მიენიჭება.

24 აგვისტოს, კობი ბრაიანტის დღეს, ქალაქის საბჭოს წევრები, კერენ პრაისი და ჰერბ უესონი წინადადებით გამოვიდნენ, რომ ლოს-ანჯელესის ცენტრში მდებარე ფიგეროას ქუჩის ნაწილს სახელი გადაერქვას და „შავი მამბას“ საპატივცემულოდ კობი ბრაიანტის ბულვარი დაერქვას. საუბარი დაახლოებით 5-კილომეტრიან მონაკვეთზეა, რომელიც ოლიმპიურ ბულვარსა და მარტინ ლუთერ კინგის ბულვარს შორის მდებარეობს.

„ეს გახლავთ საჩუქარი, რომელსაც ლოს-ანჯელესი და მთელი მსოფლიოს მასშტაბით კობი ბრაიანტის გულშემატკივრები მიიღებენ. ელეის ქუჩები ელეის მეფეს პატივს მიაგებენ“, - განაცხადა კერენ პრაისმა. ჰერბ უესონმა კი დასძინა, რომ ბრაიანტის მემკვიდრეობა კალათბურთზე მაღლა დგას და ქუჩისთვის სახელის გადარქმევის გეგმაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ 2016 წელს ლოს-ანჯელესში 24 აგვისტო კობი ბრაიანტის დღედ გამოცხადდა. ეს შემთხვევითობა არ გახლავთ. აგვისტო მერვე თვეა და „შავი მამბა“ კარიერაში სწორედ 8 და 24 ნომრებს ატარებდა.

კომენტარები: