გულის შეტევა ტრიბუნაზე - ნიუკასლი-ტოტენჰემის მატჩი კინაღამ ჩაიშალა

18 ოქტომბერი 2021, ორშაბათი


ინგლისის პრემიერლიგის მე-8 ტურის მატჩი ნიუკასლ იუნაიტედსა და ლონდონის ტოტენჰემს შორის რამდენიმე წუთის განმავლობაში შეწყდა.

თამაშის 41-ე წუთზე, როდესაც ლონდონელებს კუთხური უნდა ჩაეწოდებინათ, ტრიბუნებზე ჩოჩქოლი ატყდა და როგორც გაირკვა, ერთ-ერთ გულშემატკივარს გულის შეტევა დაემართა. საინტერესოა, რომ ფანებმა მომხდარის შესახებ ტოტენჰემის მცველ სერხიო რეგილონს აცნობეს, რომელმაც თავის მხრივ ყველაფერი მსაჯს უამბო.

მთავარმა არბიტრმა ანდრეს მარინერმა თამაში შეაჩერა და ფეხბურთელები გასახდელში გაიყვანა, ტრიბუნაზე გულშემატკივრის დასახმარებლად კი ნიუკასლის სამედიცინო შტაბი დეფიბრილატორით გაეშურა. ამ მომენტში თამაშის შეწყვეტა მნიშვნელოვანი იყო, რადგანაც მკურნალობისთვის მაქსიმალური სიმშვიდე და სიწყნარე იყო საჭირო. რამდენიმე წუთის შემდეგ მატჩი განახლდა.

ნიუკასლმა გულშემატკივრის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე განცხადებაც გაავრცელა: "პირის მდგომარეობა, რომელსაც სამედიცინო დახმარება სჭირდებოდა, სტაბილურია. ის საავადმყოფოში რჩება. ჩვენ ფიქრებით მასთან ვართ".


კომენტარები: