- 'ინტერის პლუსი ლივერპულთან ტაქტიკური სქემაა' - რაფა ბენიტესის პროგნოზი

15 თებერვალი 2022, სამშაბათი


ჩემპიონთა ლიგა ხვალიდან, პლეიოფით განახლდება. მერვედფინალის ერთ-ერთი მთავარი დაპირისპირება მილანის ინტერისა და ლივერპულის მატჩია. 

ამ წყვილის შესახებ პროგნოზი რაფა ბენიტესმა გააკეთა, რომელიც ორივე კლუბს ძალიან კარგად იცნობს, რადგან ლივერპულში 6 წელი გაატარა და ჩემპიონთა ლიგაც მოიგო, ინტერში კი მოკლე და წარუმატებელი პერიოდი ჰქონდა ჟოზე მოურინიოს შემდეგ.

ბენიტესის აზრით, ლივერპული ფავორიტია, თუმცა მხოლოდ ცოტათი მეტი შანსი აქვს და ინტერის ძალას ბევრი სრულად ვერ აფასებს. ინტერის ძლიერ მხარეების შორის ესპანელმა სპეციალისტმა მისი სათამაშო სქემა დაასახელა: "3-5-2-ს ბევრი პრობლემის შექმნა შეუძლია იმ გუნდისთვის, რომელიც ამ სქემის წინააღმდეგ თამაშს მიჩვეული არ არის. თუმცა, ლივერპულის 4-3-3 შემტევი და აგრესიული სქემაა. ისინი ძალიან ინტენსიურად თამაშობენ. ის გუნდი მოიგებს, რომელსაც ბურთი უფრო ხშირად ექნება."

ბენიტესმა ლივერპულის ძლიერ მხარეებზეც ისაუბრა და 'წითლების' შემტევებს შორის დიეგო ჟოტა გამოარჩია, რომელიც კარგ ფორმაშია და ბოლო პერიოდში ხშირად გააქვს: "ჟოტა ყოველთვის სწორად მოძრაობს. გარდა ამისა, ლივერპულს ძალიან კარგი განაპირა მცველები ჰყავს და მატიპი-ვან დაიკის დუეტთან ერთად სახიფათოა სტანდარტებზე."

ესპანელის პროგნოზით ინტერი სკუდეტოს ამ სეზონშიც მოიგებს, რადგან ადვილი კალენდარი აქვს და რთული შეხვედრების უმეტესობა უკვე მოშორებული აქვს. ბოლო ტურებში ინტერმა უკვე ითამაშა ლაციოსთან, მილანთან, ნაპოლისთან და ატალანტასთან.


კომენტარები: