5 წლის შემდეგ პირველად, ქართველი ევროტურნირის ნახევარფინალს ითამაშებს - აჯობებს "შახტარი" "ინტერს"?

17 აგვისტო 2020, ორშაბათი


დღეს, 17 აგვისტოს, დიუსელდორფში დონეცკის "შახტარი" ევროპა ლიგის ფინალში გასასვლელად მილანის "ინტერს" დაუპირისპირდება და ქართველი ფეხბურთელი ამ დონის შეხვედრაში 2015 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს.

2015 წელს ევროპა ლიგის ნახევარფინალში ჯაბა კანკავამ ითამაშა. ჯაბაც უკრაინული გუნდის - "დინპროს" წევრი იყო და მაშინ დნეპროპეტროვსკელებმა იტალიური გუნდი "ნაპოლი" დაჯაბნეს. სხვათა შორის, ევროპა ლიგის იმ სეზონის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრების კაპიტანმა "ინტერის" წინააღმდეგ სრული მატჩი ჩაატარა. მაშინ კაცნაკლული უკრაინელები "ნერაძურისთან" მინიმალური ანგარიშით დამარცხდნენ.

დღეს კი დავით ხოჭოლავა ითამაშებს იტალიური კლუბის წინააღმდეგ და ძალიან ძლიერი

მოწინააღმდეგეც ეყოლება რომელუ ლუკაკუს სახით. თუმცა, თუ "შახტარის" ფორმას გავითვალისწინებთ, დონეცკელები ადვილად არაფერს დათმობენ.

სავარაუდო შემადგენლობები


"ინტერი": ჰანდანოვიჩი, გოდინი, დე ვრეი, ბასტონი, დ'ეამბროზიო, ბარელა, ბროზოვიჩი, გალიარდინი, იანგი, ლაუტარო მარტინესი, ლუკაკუ

გუნდს ვერ დაეხმარებიან: ვესინო, სანჩესი

"შახტარი": პიატოვი, დოდო, კრივცოვი, ხოჭოლავა, მატვიენკო, მარკოს ანტონიო, სტეპანენკო, მარლოსი, ალან პატრიკი, ტაისონი, ჟუნიორ მორაეში

აქამდე გუნდებს ერთმანეთის წინააღმდეგ ორი მატჩი აქვთ გამართული - 2005/06 წლების ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე "შახტარი" შინ "ინტერთან" 0:2 (მარტინსი 68, ადრიანო 70) დამარცხდა, "სან სიროზე" კი შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 (რეკობა 12, ელანო 25) დასრულდა. შემდეგ ეტაპზე მილანელები გავიდნენ.

რას ფიქრობენ ექსპერტები?

"რაც უფრო მაღალია მიზანი, მით უფრო მაღლა ხტება "ინტერი" და ახლა ფინალს 1 ნაბიჯი აშორებთ. გუნდის დაცვა ბრწყინვალედ გამოიყურება - ბოლო 6 მატჩში მხოლოდ 1 გოლი გაუშვეს. გუნდს უძლეველის განწყობა აქვს და ბოლო დროს ლუკაკუც შეუჩერებელია.

"შახტარის" დასამარცხებლად კი "ნერაძურის" საკუთარი თავის გაუმჯობესება დასჭირდება. ეს განსაკუთრებით შანსების გამოყენებას ეხება. თუ უკრაინული კლუბის დონეს გავითვალისწინებთ, "ინტერს" გამოუყენებელი შანსები, შესაძლოა, ძალიან ძვირად დაუჯდეს", - თქვა იტალიელთა რეპორტიორმა პაოლო მენიკუჩიმ.

"დონეცკური გუნდი "ინტერის" მსგავსად ძალიან კარგ ფორმაშია: 11 შეხვედრაა არ დამარცხებულან, აქედან 9 მატჩი მოიგეს. "შახტარის" საფეხბურთო სტილი მირჩა ლუჩესკუს შემდეგ არ შეცვლილა: ისინი ბურთის ფლობის საშუალებით აგებულ შეტევებზე არიან ორიენტირებულნი, რომელშიც უდიდესი როლი აქვს დაცვას, რომელიც ნახევარმცველს სწორ ადგილას ეძებს, რათა ამ უკანასკნელმა შეტევა სწრაფად გააგრძელოს ფლანგზე ან ცენტრფორვარდის მიმართულებით.

ახალმა დამრიგებელმა ლუიშ კაშტრუმ გუნდი კიდევ უფრო ააჩქარა, შეტევის ფაზებს ფეხბურთელები უფრო სწრაფად გადალახავენ ხოლმე და თუ არ გჯერათ, ეს "ბაზელს" შეგიძლიათ ჰკითხოთ, რომელიც "შახტარმა" წინა ეტაპზე გაანადგურა", - აღნიშნა უკრაინული კლუბის რეპორტიორმა ბოგდან ბუგამ.

ტაქტიკა

ანტონიო კონტე ყოველთვის 3 ცენტრალური მცველით თამაშობს. მისი 3-5-2 გულისხმობს 2 ფეხბურთელს ნახევარდაცვის ცენტრში, 2 დინამიკურ ფეხბურთელს ფლანგებზე, 1 ბურთის დამჭერ ნახევარმცველს (ბროზოვიჩი) და 2 თავდამსხმელს. შეტევა სიღრმიდან იწყება - მიიტყუებენ მოწინააღმდეგეს პრესინგზე და შემდეგ გრძელი პასებით ეძებენ ფორვარდებს - განსაკუთრებით კი, რომელუ ლუკაკუს, რომელსაც გრძელ გადაცემას არა მხოლოდ მცველები, არამედ ჰანდანოვიჩიც კი უკეთებს ხოლმე.

"შახტარის" ტაქტიკა კი ჰიბრიდულია - ხან 4-3-3, ხან კი 4-2-3-1 სისტემით თამაშობენ. ნახევარდაცვის სამკუთხედს განსაკუთრებული როლი აქვს - ტარას სტეპანენკო ცენტრალურ მცველებსა და ნახევარმცველებს შორის არის, შეტევის საწყის ეტაპს ის აშენებს; სწრაფი მარკოს ანტონიო საკუთარ სივრცეში ყველა სანტიმეტრს ფარავს; ალან პატრიკი ცენტრფორვარდ ჟუნიორ მორაეშის უკან არსებულ სივრცეებს ითვისებს, ტაისონი და მარლოსი კი ხშირად შემოდიან ცენტრში და ფლანგებს განაპირა მცველებს უტოვებენ.


რას ამბობენ მწვრთნელები?

ანტონიო კონტე, "ინტერის" მთ. მწვრთნელი:

"ჩვენ "შახტარს" უდიდეს პატივს ვცემთ. ისეთი გუნდის წინააღმდეგ გვიწევს თამაში, რომელმაც სერიოზული სახელი წლების მანძილზე მაღალი დონის ფეხბურთის თამაშით დაიმკვიდრა. ევროპა ლიგის წლევანდელ გათამაშებაში ვისაც შევხვდით, იმათთან შედარებით "შახტარი" გაცილებით ძლიერი გუნდია.

თუმცა ჩვენც ამ ეტაპამდე დაუმსახურებლდ არ მოვსულვართ და მიზნად ფინალში გასვლა გვაქვს დასახული".


ლუიშ კაშტრუ, "შახტარის" მთ. მწვრთნელი:

"ამ მატჩისთვის მომზადების პროცესს თან ახლდა უდიდესი სურვილი - ვითამაშოთ ევროპა ლიგის ფინალში. ძალიან ძლიერი გუნდის წინააღმდეგ მოგვიწევს თამაში, რაც ჩვენთვის მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა.

ანტონიო კონტეს საინტერესო დინამიკა აქვს. მისი გუნდი ძალიან კომპლექსურად თამაშობს როგორც დაცვაში, ისე შეტევაში. ხშირია ტაქტიკური გადასვლები. თუმცა ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ".

მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება, შეხვედრაში გამარჯვებული კი 21 აგვისტოს, კიოლნში გასამართ ფინალში "სევილიას" შეხვდება.

კომენტარები: