'მისი გვარის გაგონებაზე ოფლი ასხამდა' - შმეიხელი ფერგიუსონის შიშებზე

19 დეკემბერი 2021, კვირა


ინგლისური მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა გოლკიპერმა პეტერ შმეიხელმა იმ ფეხბურთელზე ისაუბრა, რომელსაც “წითელი ეშმაკების” მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი უფრთხოდა. დანიელის თქმით, ეს ერთადერთი მოთამაშე ლივერპულის ვარსკლავი სტივ მაკმანამანი გახლდათ.

“ფერგიუსონს სტივის მაგრად ეშინოდა. მაკმანამანი პრემიერლიგურ მეტოქეთა რიგებში მოთამაშე ერთადერთი ფეხბურთელი იყო, რომელსაც ის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა. კი, ფერგის შეეძლო ალან შირერზე ან სხვებზე ესაუბრა, თუმცა, მათ მიმართ შიში არ ჰქონდა. აი, მაკმანამანის გაგონებაზე კი ლამის ოფლი ასხამდა. სტივი ნამდვილად მაგარი ფეხბურთელი იყო. ფერგიუსონი ყოველთვის თვლიდა, რომ თუკი თამაშიდან მაკმანამანის გამოთიშვას მოვახერხებდით, ლივერპულთან პრობლემები არ გვექნებოდა”.

შეგახსენებთ, რომ სერ ალექსი მანჩესტერ იუნაიტედს 1986-2013 წლებში ავარჯიშებდა, მაკმანამანმა კი ლივერპულში 9 წელი დაჰყო და პრემიერლიგაში 272 მატჩის (46 გოლი) ჩატარება მოასწრო, შემდეგ კი მადრიდის რეალსა და მანჩესტერ სიტიშიც ითამაშა. სტივს ინგლისის ნაკრებში 37 თამაში (3 გოლი) აქვს გამართული.



კომენტარები: