მიზეზი, რის გამოც რეალი მბაპესთან წინასწარ კონტრაქტს მინიმუმ მარტამდე ვერ გააფორმებს

15 დეკემბერი 2021, ოთხშაბათი'


კილიან მბაპეს ნებისმიერ გუნდთან მოლაპარაკებების წარმოება 1 იანვრიდან შეუძლია, თუმცა დიდი ალბათობით, ამას მინიმუმ მარტამდე არ გააკეთებს.

როგორც იცით, მბაპეს გადაბირებით ყველაზე აქტიურად მადრიდის „რეალი“ ინტერესდება და მოსალოდნელი იყო, რომ მადრიდული გრანდი ფრანგ ფეხბურთელს უკვე ზამთარშივე დაუკავშირდებოდა, რათა მასთან წინასწარი შეთანხმება გაეფორმებინა.

თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ „რეალი“ და „პსჟ“ ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში შეხვდნენ, მხარეები ორივე მატჩის დასრულებამდე კონტაქტზე არ გავლენ.

შესაბამისად, მბაპე „რეალთან“ წინასწარი კონტრაქტის გაფორმებას მხოლოდ მერვედფინალური ეტაპის შემდეგ მოახერხებს და არა იქამდე.

ფრანგული L’Equipe წერს, რომ ეს მბაპეს გადაწყვეტილებაა „პსჟ-ს“ პატივისცემიდან გამომდინარე, ესპანური AS-ის თქმით კი, ასეთი ნაბიჯი პირველმა „რეალმა“ გადადგა.

L’Equipe-ს ინფორმაციით, ბოლო დროს მბაპესა და „პსჟ-ს“ შორის ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები ბოლო პერიოდში გააქტიურდა, თუმცა პროგრესის გარეშე - თუ რაიმე სურპრიზი არ მოხდა, ფრანგი გუნდს უფასოდ დატოვებს და მადრიდის „რეალში“ გადაბარგდება.
 

კომენტარები: