უსემ აუარს კორონავირუსი დაუდასტურდა

29 აგვისტო 2020, შაბათი


„ლიონის“ ვარსკვლავს, უსემ აუარს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ გულშემატკივრებს ფრანგულმა კლუბმა აუწყა და ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

როგორც ირკვევა, 22 წლის ფლეიმეიქერი „ლიონის“ ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც Covid-19-ის ტესტირების ბოლო რაუნდის შემდეგ კორონავირუსი დაუდასტურდა. აუარი ლიგა 1-ის შეხვედრას გამოტოვებს და „დიჟონთან“ მატჩში გუნდს ვერ დაეხმარება.

იგი მომდევნო 14 დღეს კარანტინში გაატარებს და დიდი ალბათობით, 11 სექტემბერს, „ბორდოსთან“ გასამართ შეხვედრაშიც ვერ იასპარეზებს. ამასთან, აუარი ერთა ლიგაზე, შვედეთისა და ხორვატიის წინააღმდეგაც ვერ ითამაშებს. ახალგაზრდა ფეხბურთელი გუნდს 15 სექტემბრისთვის დაუბრუნდება, როცა „ლიონი“ სტუმრად „მონპელიეს“ შეერკინება.

აღსანიშნავია, რომ „ლიონი“ ლიგა 1-ის ერთადერთი გუნდი არაა, რომელსაც კორონავირუსმა პრობლემები შეუქმნა. რამდენიმე დღის წინ, „მარსელის“ 4 ფეხბურთელს Covid-19 დაუდგინდა და კლუბს „სტ. ეტიენთან“ გასამართი მატჩის გადადება მოუწია.


კომენტარები: