‘ფეხბურთელებმა მანჩინის უღალატეს!’ - იტალიაში მედიამ განგაში ატეხა

16 ნოემბერი 2021, სამშაბათი


მსოფლიოს ჩემპიონატი ევროპის მოქმედი ჩემპიონის გარეშე? იტალიის ნაკრებს ისევ ისტორიული ფიასკოს საფრთხე ემუქრება. ზედიზედ მეორედ.

“სკუადრა აძურამ” პლეი ოფში უნდა ითამაშოს და ორი თამაში მოიგოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, 2018 წლის მუნდიალის შემდეგ, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზეც ვერ გავა. შესაბამისია სრულიად საფეხბურთო იტალიისა და იტალიური სპორტული მედიის რეაქციაც.

“ეს კოშმარია, მაგრამ ჯერ მაინც არაფერი დამთავრებულა. შანსი ჯერ კიდევ გვაქვს,” - წერს ყველაზე პოპულარული იტალიური სპორტული გაზეთი “გაძეტა დელო სპორტი” ჩრდილოეთ ირლანდიასთან 0:0-ის შემდეგ, რამაც იტალიის ნაკრები ჯგუფში მეორე ადგილზე გაიყვანა და პლეი ოფში გადაისროლა.

“ევროპის ჩემპიონატის სამოთხიდან პირდაპირ სატანჯველში” - ასეთი დრამატულია ტურინული “ტუტოსპორტის” სათაური. გადაჭარბებულია? არც ისე, რადგან იტალიამ 2022 წლის მარტში პლეი ოფის ორი ბარიერი უნდა გადალახოს იმისათვის, რომ ევროპის ქვეყნებისთვის დარჩენილი 3 საგზურიდან ერთ-ერთი მოიპოვოს. თანაც, დუელი ისეთ გუნდებთან ემუქრება, როგორებიცაა კრიშტიანო რონალდოს პორტუგალია (ჰო, ევროპის წინა, 2016 წლის ჩემპიონიც პლეი ოფშია) ან ზლატან იბრაჰიმოვიჩის შვედეთი.

ამიტომაც წერს “კორიერე დელო სპორტი”: “საშინელება გვემუქრება. კიდევ ერთხელ. იტალიის ნაკრების თამაში ჩრდილოეთ ირლანდიაში უდიდესი იმედგაცრუება იყო. გუნდს აკლდა პერსონები, რომლებიც გაცილებთ სუსტ გუნდთან ღირსეულად იბრძოლებდნენ და შედეგს მარტივად დადებდნენ. მანჩინის თავისმა ნიჭიერმა ფეხბურთელებმა უღალატეს!”

ბუნებრივია, მანჩინი გაზეთების კრიტიკის ცენტრში იყო, მაგრამ მედიისგან ფეხბურთელებს უფრო მეტი მოხვდათ - მაგალითად, ჟორჟინიოს, უეფას წლის საუკეთესო ფეხბურთელს, რომელმაც შვეიცარიასთან ორივე მატჩში (0:0, 1:1) პენალტი ვერ გაიტანა. ერთი თერთმეტმეტრიანიც რომ შეეგდო, “აძური” ახლა მორიგი უდიდესი ფიასკოს წინაშე არ იქნებოდა. “გაძეტა დელო სპორტმა” ჟორჟინიოს “ბელფასტის მოედანზე მოსიარულე მოჩვენება” უწოდა, მანჩინიზე კი წერს: “მწვრთნელი პასუხისმგებელია იმაზე, რაც მოხდა, რადგან ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მოსალოდნელი კრიზისის საწინააღმდეგო ვერაფერი მოიფიქრა.”


შეგახსენებთ, რომ ეს ის იტალიის ნაკრებია, რომელმაც წელს, ევროპის ჩემპიონობასთან ერთად, წაუგებელი მატჩების ყველა დროის რეკორდი მოხსნა - ზედიზედ 37 თამაშში არ დამარცხდა.
“ბელფასტში, სადაც ტიტანიკი შეიქმნა, იტალია ჩრდილოირლანდიურ აისბერგს შეეჯახა და იძირება,” - ეს “გაძეტა დელო სპორტის” სტატიიდანაა.


კომენტარები: