ჩავის პირველი ტრანსფერი დადასტურდა: დანი ალვეში ბარსელონაში დაბრუნდა!

13 ნოემბერი 2021, შაბათი


ახლა უკვე ოფიციალურად - დანი ალვეში ბარსელონაში დაბრუნდა. 38 წლის ბრაზილიელ ფეხბურთელსა და ესპანურ კლუბს შორის შეთანხმება შედგა. ინფორმაცია "ბლაუგრანას" ვებგვერდმა გაავრცელა.

როგორც ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, მხარეებს შორის პრინციპული შეთანხმება შედგა, რომლის თანახმად, დანი ალვეში ბარსაში მიმდინარე სეზონის ბოლომდე ითამაშებს. ბრაზილიელი გუნდთან ერთად ვარჯიშს მომავალი კვირიდან დაიწყებს, მაგრამ იანვრამდე თამაშის უფლება არ ექნება.


აღსანიშნავია, რომ დანი ალვეში ჩავის ერაში ბარსელონას პირველი ახალწვეულია. ისინი ერთმანეთს ძალიან კარგად იცნობენ, რადგან 2008-2015 წლებში თანაგუნდელები იყვნენ. ზოგადად, ალვეშის დაბრუნების იდეა დაახლოებით ერთი თვის წინ გაჩნდა, როცა "კამპ ნოუზე" დაბრუნების სურვილი თვითონ სამხრეთამერიკელმა მცველმა გამოხატა.

დანი ალვეშმა ბარსელონაში 2008-2016 წლებში ითამაშა და 391 მატჩში 21 გოლის გატანა მოახერხა. ბრაზილიელ ფეხბურთელს ასევე უთამაშია ბაიას, სევილიას, იუვენტუსისა და პარი სენ-ჟერმენის რიგებში, ხოლო 2019 წლიდან სან პაულუს ღირსებას იცავდა, რომლის ხელმძღვანელობასთან კონფლიქტის გამო გუნდი დაახლოებით 3 თვის წინ დატოვა. ბრაზილიის ნაკრებში 38 წლის მცველის ანგარიშზე 119 მატჩში 8 გოლია, ხოლო აგვისტოში ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა.


კომენტარები: