'მომისმინე, ცხიმიანო იდიოტო' - ტონიმ და ხაბიბმა ისევ ტვიტერზე იჩხუბეს

13 ნოემბერი 2021, შაბათი


UFC-ის ყოფილი ჩემპიონი ხაბიბ ნურმაგომედოვი და ტონი ფერგიუსონი ერთმანეთს ოქტაგონზე ვერ შეხვდნენ, მაგრამ სოციალურ ქსელში ჩხუბის საშუალებას ხელიდან არ უშვებენ. ამჟამად მორიგი რაუნდის წამომწყები ამერიკელი მებრძოლი იყო.

ტონიმ ტვიტერზე ხაბიბისა და მისი პრესკონფერენციის ვიდეო გამოაქვეყნა და აგრესიული ტექსტიც დაურთო: “მომისმინე ცხიმიანო იდიოტო. ბოლოს როცა გნახე, ჩვენი სატიტულო ბრძოლისთვის თავის ასარიდებლად პატარა ბო**ვით სხვა ქვეყანაში გაიქეცი. მანამდე კი მუცლის ტკივილი გამოიგონე, მიზანი კი იგივე გქონდა - ჩემთან გასამართი სატიტულო ბრძოლა არ ჩაგეტარებინა. ენა ჩაიგდე და კაცური საქმეები იმას დაუტოვე, ვინც წინა ხაზზე იბრძვის.”


მართალია, “ელ კუკუის” მსგავსი ნაბიჯების გადასადგმელად მიზეზები არ სჭირდება ხოლმე, მაგრამ ამ შემთხვევაში პოსტის საფუძველი ხაბიბის კომენტარი იყო. დაღესტნელმა თქვა, რომ ისლამ მახაჩევი სატიტულო ბრძოლას უფრო იმსახურებდა, ვიდრე ჯასტინ გეიჯი. UFC 268 ღონისძიებაზე გეიჯიმ მაიკლ ჩენდლერი დაამარცხა. მატჩამდე კი ჯასტინმა განაცხადა, რომ გამარჯვების შემთხვევაში სატიტულო ბრძოლა გარანტირებული ექნებოდა. მის საპასუხოდ ხაბიბი გამოვიდა და გეიჯის მიმართა, სატიტულო ბრძოლაზე არაფერი ელაპარაკა და ისლამ მახაჩევი გაახსენა. ნურმაგომედოვის ნამდვილი მოწინააღდეგე ტონი ფერგიუსონი სწორედ ამის შემდეგ ჩაერთო საქმეში და ყველა ჩაშლილი ორთაბრძოლა გაახსენა.



კომენტარები: