ბარსელონა აგუეროს შემცვლელს ეძებს

07 ნოემბერი 2021, კვირა


როგორც იცით, კატალონიის ბარსელონას არგენტინელი თავდამსხმელი, სერხიო აგუერო გაურკვეველი ვადით გამოაკლდა.

ლა ლიგის მე–11 ტურში, ალავესთან მატჩის დროს (1–1), შეხვედრის 41–ე წუთზე, სერხიო აგუერო იძულებით შეცვალეს და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ მას გულის არითმია დაუდგინდა. შესაბამისად, ექიმებს ჯერჯერობით უჭირთ იმის პროგნოზირება თუ როდის შეძლებს ფეხბურთელი მინდორზე დაბრუნებას.

უცხოურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსას" ხელმძღვანელები მის ერთ–ერთ შემცვლელად, ედინსონ კავანის კანდიდატურას განიხილავდნენ. ახლა კი FOOTBALL-ESPANA იტყობინება, რომ შესაძლოა "ბლაუგრანას" ბოსებმა ვილიარეალის ყოფილი თავდამსხმელის – სედრიკ ბაკამბუს ტრანსფერზე იმუშაონ. 30 წლის ბაკამბუ ამჟამად ბეიჯინ გოანის ღირსებას იცავს. ესპანური კლუბიდან ის ჩინეთში 2018 წელს გადაბარგდა.

ხსენებული წყაროს ცნობით, ბარსელონას არსებული კრიზისის გამო, ამჟამად არ შეუძლია, რომ მოთამაშეებში დიდძალი თანხები გადაიხადოს. ბაკამბუს კი ამჟამინდელი კონტრაქტი მიმდინარე წლის დეკემბერში ეწურება.

მან მიმდინარე სეზონში მონაწილეობა 13 მატჩში მიიღო. გაიტანა ხუთი გოლი და შეასრულა ერთი საგოლე გადაცემა. შესაძლოა, "კამპ–ნოუს" ბინადარმა ფეხბურთელი თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატოს.


კომენტარები: