მარსელო რეალს ტოვებს

31 ოქტომბერი 2021, კვირა


ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდის რეალის ბრაზილიელი მცველი, მარსელო კლუბში თავისი ამჟამინდელი მდგომარეობით უკმაყოფილოა და სურს, რომ "ბლანკოსის" რიგები ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დატოვოს.

როგორც ცნობილი ხდება, 33 წლის ფეხბურთელმა კლუბის პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს თავისი სურვილის შესახებ უკვე აცნობა. ბრაზილიელს სურს, რომ რეალთან მოქმედი კონტრაქტი გაწყვიტოს, კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს და კარიერა მშობლიურ ფლუმინენსეში გააგრძელოს.
2007 წელს, მარსელო "სამეფო კლუბს" სწორედ ფლუმინენსედან შეუერთდა და მადრიდელთა დაცვის ხაზში ერთ-ერთი შეუცვლელი ფიგურა გახლდათ. მან "თეთრების" მაისურით ჯამში 530 შეხვედრაში ითამაშა, გაიტანა 38 გოლი და 22 ტიტული მოიგო, მათ შორის 5-ჯერ ესპანეთის ლა ლიგა და ოთხჯერ უეფას ჩემპიონთა ლიგა. 

მიმდინარე სეზონში მარსელომ რეალის რიგებში მხოლოდ ორი მატჩი ითამაშა და ორივე შემთხვევაში თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო. სწორედ სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობაა მიზეზი იმისა, რომ ბრაზილიელს კლუბთან კონტრაქტის გაწყვეტა და კლუბის დატოვება სურს. 
აზვე დავძენთ, რომ ბრაზილიელ მცველს მადრიდის რეალთან მოქმედი კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.


კომენტარები: