ჩავის პირველი სამიზნე - ვისი ტრანსფერი სურს ესპანელს "ბარსაში"

29 ოქტომბერი 2021, პარასკევი


როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონა" ძალიან ახლოსაა იმასთან, რომ გუნდის თავკაცად ჩავი ერნანდესი დანიშნოს.

რონალდ კუმანის თანამდებობიდან გათავისუფლებამ "მაესტროს" "კამპ ნოუზე" დასაბრუნებელი გზა გაუხსნა და იგი ამ შანსის ხელიდან გაშვებას არ აპირებს.
ბუნებრივია, ჩავი "კამპ ნოუზე" საკუთარი გეგმითა და მოთხოვნებით მოდის, რასაც RAC1-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციაც ამტკიცებს.

აღნიშნული გამოცემის ჟურნალისტის, ხერარდ რომეროს ინფორმაციით, "მაესტროს" უნდა, რომ "ბლაუგრანამ" "სევილიადან" ჟიულ კუნდე შეიძინოს.

ხერარდ პიკეს ასაკი, ერიკ გარსიას გამოუცდელობა, კლემან ლენგლესა და სამუელ უმტიტის არასტაბილურობა - ეს ყველაფერი "ბარსაში" ახალი ცენტრალური მცველის მოყვანის საჭიროებას განაპირობებს.

"ლურჯ-ბროწეულისფერთათვის" კუნდე შესანიშნავი ვარიანტია იმის გათვალისწინებითაც, რომ ფრანგს ლა ლიგაში თამაშის ორწლიანი გამოცდილება აქვს. 22 წლის ფეხბურთელი "დალაქებს" 2019 წელს შეუერთდა და მას მერე ბრწყინვალედ გამოიყურება.

ჟიულით გასულ სატრანსფერო ფანჯარაზე ლონდონის "ჩელსი" აქტიურად ინტერესდებოდა, მაგრამ ტრანსფერი არ გამოვიდა. 

"ბარსელონას" საქმეს ურთულებს ის, რომ კუნდეს გამოსასყიდი თანხა 80 მილიონი ევროა, რაც კატალონიურ გრანდში მძვინვარე ფინანსური კრიზისის გათვალისწინებით, შეიძლება მთავარ ბარიერად იქცეს.

კომენტარები: