დე იონგით ორი გრანდი ინტერესდება

26 ოქტომბერი 2021, სამშაბათი


კატალონიის ბარსელონას და ნიდერლანდების ნაკრების ერთ-ერთ ლიდერ, ფრენკი დე იონგს ახალი მსურველები გამოუჩნდა. Calciomercato-ს ცნობით, ფეხბურთელის მიმართ ინტერესს ინგლისისა და გერმანიის ჩემპიონები იჩენენ. ჯერჯერობით უცნობია, აპირებენ თუ არა მანჩესტერ სიტი და მიუნხენის ბაიერნი "ბლაუგრანასთვის" ოფიციალური შეთავაზებით იანვარში მიმართვას.

24 წლის ფრენკი, "ბარსაში" ამსტერდამის აიაქსიდან 2019 წელს გადავიდა. მაშინ ნიდერლანდურმა გუნდმა მოთამაშის სანაცვლოდ 86 მილიონი ევრო მიიღო. დე იონგი კი ბარსელონას ძირითადი შემადგენლობის წევრად მალევე ჩამოყალიბდა.

მიმდინარე სეზონში, მან ყველა ტურნირზე ერთად 11 მატჩი ჩაატარა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. ფრენკის არსებული კონტრაქტი 2026 წელს იწურება. Transfermarkt-ს შეფასებით, მისი ღირებულება დღეისათვის 90 მილიონი გახლავთ, თუმცა რთულად სავარაუდოა, რომ ამჟამინდელი სიტუაციის გათვალისწინებით, "კამპ-ნოუს" ბინადარმა კიდევ ერთი ლიდერი დათმოს.

ცნობილია, რომ როდესაც ფრენკი დე იონგი ჯერ კიდევ აიაქსში ირიცხებოდა, მისი დამატება სხვადასხვა ტოპ კლუბებს სურდათ, მაგრამ მან არჩევანი ბარსელონაზე შეაჩერა. ზემოთხსენებული წყაროს ცნობით, შესაძლოა კატალონიელებს მიუნხენელებმა მოთამაშეების გაცვლა შესთავაზონ. 


კომენტარები: