მბაპესთვის ბრძოლაში ბარსელონაც ერთვება და რეალზე უკეთეს შეთავაზებას ამზადებს — AS

22 ოქტომბერი 2021, პარასკევი


"ბარსელონა" "რეალს" "პსჟ"-ს თავდამსხმელ კილიან მბაპესთვის ბრძოლაში შეეცილება, რომელმაც 2022 წლის ზაფხულში შესაძლოა პარიზი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს.

როგორც ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AS-ი იტყობინება, კატალონიური გრანდი მზად არის 22 წლის ფრანგ სუპერვარსკვლავს კონტრაქტის გაფორმებისთვის 90 მილიონ ევროიანი ბონუსი შესთავაზოს. კლუბში ფიქრობენ, რომ 2022 წლის ივლისში ამის გაკეთების შესაძლებლობა ექნებათ.

"ბარსელონას" ხელმძღვანელების აზრით, "რეალი", თავის მხრივ, კილიანს ასეთი ბონუსის სახით მხოლოდ 50 მილიონს თუ დაჰპირდება.

გარდა ამისა, "ლურჯ-ბროწეულისფრები" გეგმავენ მბაპეს ხელფასის სახით მადრიდელებზე მეტი შესთავაზონ. "ბარსას" აზრით, "რეალი" კილიანს წლიურად 17 მილიონზე მეტს ვერ გადაუხდის, რამდენსაც ამჟამად კლუბში გარეტ ბეილი გამოიმუშავებს.

მიუხედავად ამისა, "სამეფო კლუბში" დარწმუნებულები არიან იმაში, რომ მბაპესთვის ბრძოლაში ფავორიტები არიან და ეს უკანასკნელი "პსჟ"-სთან მოკლევადიანი კონტრაქტის გაფორმებაზეც კი უარს იტყვის.

მიმდინარე სეზონში ფრანგმა თავდამსხმელმა ყველა ტურნირზე ერთად 13 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 8 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.


კომენტარები: