'ტრავმა ჩემთვის გამოწვევაა' - იბრა კარიერის დასრულებას არ აპირებს

იტალიური მილანის შვედი ვარსკვლავი ზლატან იბრაჰიმოვიჩი კარიერის დასრულებას ჯერ არ აპირებს. იბრამ ოპერაცია მაისში გაიკეთა, მას ქირურგიული ჩარევა მარცხენა მუხლზე (წინა ჯვარედინა მყესზე) დასჭირდა.
ზლატანის ასაკის გათვალისწინებით, რთულად სავარაუდოა, რამდენად შეძლებს ძალების აღდგენას და კვლავ მაღალ დონეზე თამაშს, თუმცა “იბრაკადაბრა” განსაკუთრებული შესაძლებლობების ფეხბურთელია და მისთვის ასაკი უბრალოდ ციფრებია.
გასულ თვეში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თუ იბრაჰიმოვიჩს იანვრამდე ტრავმასთან დაკავშირებით პროგრესი არ ექნება, მას კარიერის დასრულება მოუწევს, მაგრამ თავად ფეხბურთელი სხვანაირად ფიქრობს და “ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდებას” არ ჩქარობს. შვედმა ფეხბურთელმა CNN-თან საკუთარ ტრავმაზე, სარეაბილიტაციო პროცესსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
“ფეხბურთის მიმართ დიდი ლტოლვა მაქვს, მინდა ყოველდღე უკეთესი გავხდე. ჩემი მენტალიტეტი ასეთია: თუ საკმარისად არ ვიმუშავებ, თავს კარგად ვერ ვიგრძნობ. ტრავმა ჩემთვის გამოწვევაა - თუ რამდენად შორს შემიძლია სხეულის წაყვანა“ - ამბობს ზლატანი.
შეგახსენებთ, რომ ვეტერანი შვედი ფორვარდი მილანში 2020 წლის იანვარში დაბრუნდა და მას შემდეგ 73 მატჩში 36 გოლი გაიტანა, გასულ სეზონში კი 26 თამაშში თავი 8-ჯერ გამოიჩინა. სხვათა შორის, ზლატანი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც მილანთან ერთად სკუდეტო 2011 წელსაც მოიგო და 2022-შიც.
მსგავსი სტატიები:
კომენტარები: