კრისტიან ერიკსენის გამო - უეფამ მილანის ინტერს კომპენსაცია გადაუხადა

30 ოქტომბერი 2022, კვირა


უეფამ მილანის ინტერს კონპენსაცია გადაუხადა მისი ყოფილი ფეხბურთელის კრისტიან ერიკსენის გამო, რომელსაც ევრო 2020-ზე გული გაუჩერდა. იტალიური მედიის ინფორმაციით, თანხამ დაახლოებით 3 მილიონი ევრო შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ დანიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველს ფინეთთან ევრო 2020-ის მატჩის 43-ე წუთზე გული გაუჩერდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმებმა ფეხბურთელი, რომელიც იმჟამად მილანის ინტერის საკუთრება იყო, კი გადარჩინეს, თუმცა მოგვიანებით გულის დეფიბრილატორი ჩაუდგეს. ამის გამო ერიკსენმა "ნერაძურიში" თამაში ვეღარ შეძლო - იტალიური კანონმდებლობა კარდიოსტიმულატორის მქონე სპორტსმენს კარიერის გაგრძელებას უკრძალავს.

შედეგად, კრისტიან ერიკსენმა მილანური კლუბი 2021 წლის დეკემბერში დატოვა და კარიერა ინგლისში გააგრძელა, სადაც ჯერ ბრენტფორდს შეუერთდა, მოგვიანებით კი მანჩესტერ იუნაიტედთან გააფორმა სამწლიანი კონტრაქტი. 

კრისტიან ერიკსენი მილანის ინტერში 2020-21 წლებში გამოდიოდა და მასთან ერთად სერია A-ს ჩემპიონი გახდა, მანამდე კი ნახევარმცველი ამსტერდამის აიაქსისა და ლონდონის ტოტენჰემის ღირსებას იცავდა. მიმდინარე სეზონში 30 წლის დანიელმა ფეხბურთელმა მანჩესტერ იუნაიტედის მაისურით პრემიერლიგის 10 შეხვედრაში ითამაშა და 2 საგოლე პასით გამოირჩა.

კომენტარები: