"პიკე ძალიან ბევრს იღებს, მეც მაგდენი მინდა ან უფრო მეტი", - რამოსის რეალიდან წასვლის ხმაურიანი დეტალები

22 თებერვალი 2022, სამშაბათი


ამჟამად "პარი სენ ჟერმენის" ცენტრალური მცველი, სერხიო რამოსი "რეალისგან" იმხელა ხელფასს ითხოვდა, რამდენსაც "ბარსელონას" უკანახაზელი, ხერარდ პიკე გამოიმუშავებს.

როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა Diario Sport-ი იტყობინება, 35 წლის ესპანელი, რომელიც მადრიდში გატარებული 16 წლის შემდეგ პარიზულ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, "ბლანკოსთან" მოლაპარაკებებში "ბლაუგრანას" ფეხბურთელის ანაზღაურებას არგუმენტად იყენებდა.

"პიკე ძალიან ბევრს იღებს, მეც მაგდენი მინდა ან უფრო მეტი", - ასე ცდილობდა რამოსი "რეალის" პრეზიდენტ ფლორენტინო პერესზე ზეწოლას.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, ხერარდი კატალონიურ გრანდში წლიურად 28 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, გადასახადების გადახდამდე. ამის შემდეგ მან თავისი ხელფასი გაასაჯაროვა და როგორც გაირკვა, ამჟამად მხოლოდ 2,3 მილიონს იღებს.

როცა სერხიომ გაიგო, რომ პიკე წლების მანძილზე მასზე მეტს გამოიმუშავებდა, ეწყინა და "ბარსელონაში" მომუშავე ადამიანებისგან ამ ინფორმაციის დადასტურებაც კი ითხოვა, ასეც მოხდა.

მოგეხსენებათ, როგორც ცნობილია, რამოსს "პსჟ" ამჟამად წელიწადში 6 მილიონს უხდის, "რეალისგან" კი 12 მილიონს ითხოვდა.

კომენტარები: