PREVIEW | პსჟ V რეალი - ჩემპიონთა ლიგა ფავორიტების დუელით ბრუნდება

15 თებერვალი 2022, სამშაბათი


ორთვიანი პაუზა დასრულებულია და ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება! თან, ყველაზე საინტერესო ეტაპი იწყება - პლეი ოფი.


პირველი დღის მთავარი თამაში რა თქმა უნდა, პარიზში გაიმართება, სადაც ერთმანეთს პარი სენ-ჟერმენი და მადრიდის რეალი დაუპირისპირდებიან. ორივე გუნდი ტურნირის გამორჩეულ ფავორიტებშია. "სამეფო კლუბს" ამ ტურნირზე უდიდესი ისტორია უმაგრებს ზურგს. რეალი სეზონშიც კარგ ფეხბურთს თამაშობს, ხოლო პსჟ-ს დიდი ხანია, ჩემპიონთა ლიგის მოგება მთავარ მიზნად აქვს ქცეული. ეს ყველაფერი ზაფხულში ლიონელ მესის ტრანსფერმა კიდევ უფრო გააძლიერა. ამდენად, მაურისიო პოჩეტინოსა და კარლო ანჩელოტის გუნდებს შორის ძალიან მაგარი მატჩებია მოსალოდნელი.


ამ წყვილის ერთ-ერთი მთავარი ინტრიგა სერხიო რამოსია, მაგრამ რეალის წინააღმდეგ ლეგენდარული ესპანელი პარიზულ თამაშს ნამდვილად გამოტოვებს. რამოსს მთელი სეზონია ტრავმები აწუხებს, რის გამოც ფრანგულ გუნდში ჯერ მხოლოდ 5 მატჩი აქვს ჩატარებული. ის რეალში გატარებული 16 წლის შემდეგ პარიზელებს გასულ ზაფხულს უფასოდ შეუერთდა. მე-2 ინტრიგა კილიან მბაპეა - მისი ოცნება რეალში თამაშია და პარი სენ-ჟერმენთან კონტრაქტს, რომელიც 30 ივნისს იწურება, არ ახანგრძლივებს. ასე რომ, დიდი ალბათობით, ფრანგი შემტევი ზაფხულიდან ესპანურ გრანდს უფასოდ შეუერთდება, მაგრამ მანამდე მოუწევს მისი დამარცხებისთვის ყველაფერი გააკეთოს. რა თქმა უნდა, უნდა ვახსენოთ, ლიონელ მესიც, რომელსაც რეალის წინააღმდეგ ბარსელონას მაისურით არაერთი დასამახსოვრებელი გამარჯვება აქვს მოპოვებული და წლების განმავლობაში არგენტინელის მთავარი მეტოქეც იყო.


ამგვარად, გულშემატკივრებს მოსაწყენად ნამდვილად არ ეცლებათ და წინ მაგარი მატჩებია, რომლის პირველი ნაწილი პარკ დე პრენსზე შედგება. პსჟ-ს ვარსკვლავური შემადგენლობა კი ჰყავს, მაგრამ ჯგუფურ ეტაპზე მაინცდამაინც დამაჯერებელი არ იყო და მანჩესტერ სიტის ჩამორჩა, ხოლო რეალმა ინტერთან, შერიფთან და შახტართან კონკურენციაში ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

ორივე გუნდი თავიანთ ჩემპიონატებში ლიდერია. პსჟ-მ ბოლო ტურში რენი კილიან მბაპეს ბოლო წუთზე გატანილი ერთადერთი გოლით დაამარცხა, მაგრამ პოჩეტინოს გუნდს ლიგა 1-ში ძალიან სერიოზული ფორა აქვს და პირველ ადგილში ნამდვილად ვერავინ შეეცილება. რეალმა გასულ უქმეებზე ვილიარეალთან დაკარგა ქულები (0:0) და სევილიას 4 ქულით უსწრებს. ზოგადად, ბოლო ტურებში კარლო ანჩელოტის გუნდს პრობლემები აქვს, განსაკუთრებით შეტევაში, რადგან უკანასკნელ სამ მატჩში მხოლოდ 1 გოლი გაიტანა. ეს აუცილებლად უნდა მივაწეროთ კარიმ ბენზემას, რომელსაც ტრავმის გამო ბოლო პერიოდი გაუცდა. ფრანგი ფეხბურთელი გუნდთან ერთად ვარჯიშობს და სავარაუდოდ, პსჟ-სთან ითამაშებს. მადრიდელთა რიგებს დაუბრუნდა ფერლან მენდიც, რომელმაც ვარჯიში კვირას განაახლა. პარიზელებისთვის კარგი ამბავი ისაა, რომ ნოემბრის შემდეგ ნეიმარი დაბრუნებასთან ახლოსაა. ბრაზილიელმა გუნდთან ერთად ივარჯიშა, სავარაუდოდ, თამაშსაც მოახერხებს, მაგრამ მხოლოდ შეცვლაზე.


კომენტარები: