FICHAJES: "ბარსელონა" ლევანდოვსკისთვის იბრძოლებს

14 თებერვალი 2022, ორშაბათი


"ბარსელონა" მადრიდის "რეალს" რობერტ ლევანდოვსკისთვის ბრძოლაში შეეცილება, - იტყობინება Fichajes.

პოლონელი თავდამსხმელი "ბაიერნთან" თავისი კონტრაქტის უკანასკნელ 18 თვეში შედის და ბუნებრივია, ასეთმა სიტუაციამ ევროპული გრანდების ყურადღება მიიპყრო.

"სამეფო კლუბის" ინტერესი ნამდვილად გასაკვირია, რადგან მათ შეტევაში ლევანდოვსკის ასაკის ფორვარდი - ქარიმ ბენზემა ჰყავთ. ქარიმი "თეთრების" სასურველი
ტრანსფერისთვის შეიძლება გადაულახავი ბარიერიც იყოს, რადგან რობერტს მსგავს კონკურენციაში შესვლა ნაკლებად თუ ენდომება.

რაც შეეხება "ბარსელონას", ზაფხულში "კამპ ნოუს" მარტინ ბრეითუეიტი და ლიუკ დე იონგი დატოვებენ, ამიტომ კლუბს ახალი ცენტრფორვარდის მოყვანა აუცილებლად
დასჭირდება.

ცნობისთვის, რობერტი "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ერთადერთი სამიზნე არაა. კატალონიური გრანდი ერლინგ ჰოლანდსა და ალექსანდრ ისაკსაც უმიზნებს, მაგრამ თუ
პოლონელმა "რეკორდმაისტერთან" ახალი ხელშეკრულება არ გააფორმა, ის გაცილებით ბიუჯეტური ვარიანტი იქნება.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, Fichajes დიდი სანდოობით ნამდვილად ვერ გამოირჩევა, ამიტომ 33 წლის სუპერფორვარდის "ბლაუგრანაში" ხილვის იმედი ამ ცნობაზე არ
უნდა დაშენდეს.

აქვე გეტყვით, რომ პოლონელმა მიმდინარე სეზონში 30 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 37 გოლი და გააკეთა 3 საგოლე გადაცემა.

კომენტარები: