“არ მინდა იმის დაჯერება, რომ სანდრა ცრუობდა, მით უმეტეს მაშინ, როდესაც…”

21 იანვარი 2022, პარასკევი


“არ მინდა იმის დაჯერება, რომ სანდრა ცრუობდა, მით უმეტეს მაშინ, როდესაც…”


ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ ჯანდაცვის სისტემაზე პოსტს აქვეყნებს და საქართველოს მესამე პრეზიდენტის ყოფილ მეუღლეს, სანდრა რულოვსს 2009 წელს, მადრიდში ჩატარებულ კონფერენციას ახსენებს, სადაც მაშინდელი პირველი ლედი წარმატებულ ჯანდაცვაზე საუბრობდა…

„2009 წელს მადრიდში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ეგიდით ტარდებოდა კონფერენცია, რომელიც პენიტენციურ ჯანდაცვას ეხებოდა. იმ დროს ამ საკითხებით ვიყავი დაკავებული ჩრდილოეთის ქვეყნებში, ჯანმოს სპეციალურ ჯგუფშიც შედიოდა და შესაბამისად კონფერენციაზეც მიმიწვიეს.

ეს ის დროა როდესაც ყველგან ფინანსური კრიზისი მძვინვარებს, და ამიტომაც კონფერენციაზე თითოეული ქვეყნიდან მხოლოდ 1 ან 2 დელეგატია მოწვეული. საქართველო იმ დროს ახალი გამოსული იყო აგვისტოს ომიდან, ცხადია ფინანსურადაც უჭირდა და ჯანმომ გადაწყვიტა 2 დელეგატი მათ ხარჯზე დაეპატიჟებინათ.

იმ დროს საქართველოში ამ მიმართულებას სანდრა რულოვსი კურირებდა. ჰოდა, გადაწყვიტა ქალბატონმა რულოვსმა კონფერენციაზე დასწრება. როგორი გაოცებული დარჩა ჯანმო, როდესაც დაინახა საქართველოს დიდი დელეგაცია (არადა ქვეყანას უჭირდა და ფულიც კი მოითხოვა დელეგატის დასასწრებად), რომელშიც ქალბატონის ბავშვის ძიძაც შედიოდა. ბავშვს ხომ ვერ დატოვებდა საქართველოში.

ყველაზე დიდი გაკვირვება კი იმან გამოიწვია რომ ამ ფინანსური კრიზისის დროს ქალბატონმა ჯანმოს და გაეროს სხვა ორგანიზაციების მაღალჩინოსნები საღამოს დაპატიჯა ერთ-ერთ ყველაზე ფეშენებელურ რესტორანში, სადილზე…

ნუ იმ მომენტში მას სურდა საქართველოში გაეროს ნარკოტიკებთან და დანაშაულთან ბრძოლის ოფისი გაეხსნა და ამიტომაც გააკეთა ეს სადილი.

მაგრამ პოსტი სხვა რამეზეა, თავის იმ დროინდელ გამოსვლაში ქალბატონმა მოყვა თუ რამდენი კარგი რამ გააკეთა პენიტენციური სისტემის ჯანდაცვის სისტემის გასაუმჯობესებლად და რომ საქართველოს ეს სისტემა ერთ ერთი საუკეთესო იყო ევროპაში.

იმის მერე 12 წელი გავიდა, კიდევ ბევრი რამ გაკეთდა იმ სისტემაში, ჰოდა მაინტერესებს სანდრას თუ მოსწონდა ეს სისტემა, ახლა რატომ არის ცუდი და გამოუსადეგარი მისი მეუღლისთვის.

მით უმეტეს როდესაც ქალბატონი მაშინ გულზე მჯიღს იცემდა და ამტკიცებდა რომ პენიტენციური ჯანდაცვის სისტემა თითქმის არ განსხვავდებოდა არაპენიტენციურისგან და რომ ეს მისი და მისი მეუღლის დამსახურება იყო…ჰოდა არ მინდა დავიჯერო რომ მაშინ ცრუობდა.” – წერს ზაზა წერეთელი
.


კომენტარები: