სრული სიგიჟე - რატომ სურს პერესს ჰოლანდის "ბარსაში" ტრანსფერი

14 იანვარი 2022, პარასკევი


დორტმუნდის "ბორუსიას" თავდამსხმელის, ერლინგ ჰოლანდისთვის დაწყებული სატრანსფერო ბრძოლა უფრო და უფრო ხურდება.

დღეს The Athletic-მა გვამცნო, რომ საქმეში "მანჩესტერ სიტი" ერთვება, რომელმაც ნორვეგიელი თავის პრიორიტეტულ სამიზნედ აქცია.

მიუხედავად "სიტიზენების" ფინანსური შესაძლებლობებისა, პრესა უკვე დიდი ხანია შეთანხმდა, რომ ჰოლანდისთვის მთავარი ბრძოლა "რეალსა" და "ბარსელონას" შორის წარიმართება.

თუმცა თუ ESPN-ს ვენდობით, ესპანური ფლანგიდან "ბლაუგრანას" წინააღმდეგობა შეიძლება საერთოდაც არ შეხვდეს, რისი მიზეზიც ფლორენტინო პერესია.

ჟურნალისტ ხორხე რამოსის თანახმად, "სამეფო კლუბის" პრეზიდენტს უნდა, რომ ერლინგი "ბარსაში" წავიდეს, რათა "რეალში" მოსულ კილიან მბაპესა და მას შორის ისეთი მეტოქეობა შეიქმნას, როგორიც კრიშტიანუ რონალდუსა და ლეო მესის იყო.

ფლორენტინომ კარგად იცის, რომ ეს მეტოქეობა უდიდეს ფინანსურ სარგებელს მოიტანს, შესაბამისად ამ გადაწყვეტილებას დიდი სტრატეგიული მიზანი ახლავს თან.


კომენტარები: