"მეგონა წელიწადი ახლახანს დაიწყო, გარეთ კი უკვე 1 აპრილი ყოფილა", - ბრუნო ბარსაში შესაძლო გადასვლას ასე გამოეხმაურა

10 იანვარი 2022, ორშაბათი


„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა, ბრუნო ფერნანდეშმა, „ბარსელონაში“ შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა.

ეს ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გავრცელდა - El Nacional-ის თქმით, კატალონიური გუნდი ბრუნოზე გადაიტანს თავის ყურადღებას, თუ ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერი არ გამოუვა.

„მეგონა, რომ ახალი წელი მხოლოდ რამდენიმე დღის წინ დაიწყო, გარეთ კი უკვე 1 აპრილი ყოფილა. თუ, ეს ისევ ჟურნალისტების ცუდი მუშაობაა?“ - ციტირებს ფერნანდეშის სიტყვებს Goal.com.

27 წლის პორტუგალიელი შემტევი „მან იუნაიტედის“ ფეხბურთელი 2020 წლის იანვარში გახდა, როცა გუნდში „სპორტინგიდან“ გადავიდა. ბრუნოს კონტრაქტი 2025 წლამდე მოქმედებს, Transfermarkt-ზე ის 90 მლნ ევროდ არის შეფასებული.


კომენტარები: