ევრამ მანჩესტერის ფეხბურთელებს შეუტია: "პატივი ეცით გულშემატკივრებს, თუ კრიტიკა არ მოგწონთ, წადით"

08 იანვარი 2022, შაბათი


"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მცველმა, პატრის ევრამ მანიკუნიანელთა ფეხბურთელები მკაცრად გააკრიტიკა.

"მწვრთნელზე საუბრის მაგივრად, ფეხბურთელებზე ვილაპარაკოთ. თქვენ "იუნაიტედისთვის" თამაშობთ! ხვდებით, როგორ გაგიმართლათ, რომ ამ კლუბში თამაშობთ? დაგვიმტკიცეთ ეს!".

"სწორედ ამას ველოდებით. საკმარისია იმაზე საუბარი, რაც კლუბთან დაკავშირებით ხდება. ფეხბურთელებო, გთხოვთ ითამაშოთ ისე, როგორც საჭიროა. ეს "იუნაიტედია". თუ ცუდი თამაშის გამო კრიტიკა არ მოგწონთ, დატოვეთ კლუბი".

"როცა "იუნაიტედის" დნმ-ზე ვსაუბრობ, გამარჯვებულთა მენტალიტეტს ვგულისხმობ, ყოველ წელს ჩემპიონატის მოგების სურვილს და მოედანზე სიკვდილის მზადყოფნას. ვნება, მებრძოლი სული - ეს არის "იუნაიტედის" დნმ. მარცხის შემთხვევაშიც კი, მთელი ძალები მინდორზე უნდა დატოვოთ. გულშემატკივრები აპლოდისმენტებით დაგაჯილდოვებენ".

"ახლა ეს არ ხდება. მოდით, გულახდილები ვიყოთ. იბრძოლეთ ამ ემბლემისთვის, პატივი ეცით იმ ადამიანებს, რომლებიც მატჩის საყურებლად მოვიდნენ მინდორზე. ზოგიერთი თამაშზე მოსასვლელად ფულს სესხულობს".

"ასეთი ფილოსოფია მქონდა პირადად მე, როცა ვთამაშობდი. არა დიდებისთვის და ფულისთვის, არამედ იმისათვის ვთამაშობდით, რათა გულშემატკივრები გაგვებედნიერებინა", - დასძინა ფრანგმა ვეტერანმა.


კომენტარები: