ბოლო გაბრძოლება - როგორ შეეცდება "პსჟ" მბაპეს შენარჩუნებას

04 იანვარი 2022, სამშაბათი


გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მადრიდის "რეალი" კილიან მბაპეს გადაბირებას ბოლო წამამდე ცდილობდა, თუმცა ნასერ ალ-ხელაიფის და "პარი სენ-ჟერმენის" ხელმძღვანელობის ძალისხმევით, ტრანსფერი გადაიდო.

ფლორენტინო პერესს 1-ლი იანვარი კალენდარში ჰქონდა ჩანიშნული. ამ დღეს, ფრანგი ვარსკვლავი "პსჟსგან" თავისუფლდებოდა და მოლაპარაკება ნებისმიერ კლუბთან შეეძლო. 

ეს დღეც დადგა. კილიანს პარიზულ გუნდთან კონტრაქტი დაახლოებით 6 თვეში ეწურება, რის შემდეგაც მათ რიგებს სრულიად უსასყიდლოდ დატოვებს.

ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მადრიდის "რეალმა" მბაპესთან კონტრაქტის დეტალები არ შეათანხმა, ის არის, რომ სამეფო კლუბი და "პსჟ" ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ხვდებიან.

მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა შემტევის მომავალი პრაქტიკულად გადაწყვეტილია, ფრანგული კლუბის ხელმძღვანელობა მის შესანარჩუნებლად ყველაფერს აკეთებს.

მბაპემ "პარი სენ-ჟერმენისგან" რამდენიმე ზღაპრული შეთავაზება მიიღო, თუმცა ყველა მათგანი უარით გაისტუმრა, რაც ერთ ფაქტზე მეტყველებს - მისი პარიზული დღეები დასასრულს უახლოვდება.

როგორც ირკვევა, კლუბის ხელმძღვანელობას ფეხბურთელის შესანარჩუნებლად ბოლო იმედი აქვს და მის სრულყოფას შეეცდება.

მოგეხსენებათ, კილიანმა ადრე ინტერვიუში განაცხადა, რომ ზინედინ ზიდანი მისი ბავშვობის კუმირი იყო და მის თამაშებზე გაიზრდა კიდეც.

"პსჟს" ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში თუ კლუბში ფრანგი მწვრთნელი მოვა, მბაპეს შენარჩუნებაც შესაძლებელი იქნება.

თავის მხრივ, მიმდინარე სეზონში გუნდი არასტაბილურია, რისი მთავარი მიზეზიც ფრანგული მედიის აზრით, მაურისიო პოჩეტინოა.

ასე და ამგვარად, პარიზულმა კლუბმა კილიანის შესანარჩუნებლად გეგმა დასახა, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს.

კომენტარები: