დიდი წმენდა ბარსელონაში - სრული კონტროლი ტრანსფერებზე და კუმანის გეგმები

25 აგვისტო 2020, სამშაბათი
72

„ბარსელონას“ ახლად დანიშნული მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი სერიოზული საკადრო ცვლილებების გატარებას აპირებს. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, დღეს დილით, ნიდერლანდელი სპეციალისტი „ბარსას“ ახალ ტექნიკურ მდივანს, რამონ პლანესსა და აღმასრულებელ დირექტორს, ოსკარ გრაუს შეხვდა.

შეხვედრა დიდხანს გაგრძელდა და მისი დასრულების შემდეგ კუმანმა რამდენიმე სატელეფონო ზარი განახორციელა. „ბლაუგრანას“ თავკაცმა ლუის სუარესსა და არტურო ვიდალს აცნობა, რომ ისინი მის სამომავლო გეგმებში არ შედიან. Marca-ს ცნობით, სამხრეთ ამერიკული დუეტის ბედს ივან რაკიტიჩი, სამუელ უმტიტი და ხუნიორ ფირპოც გაიზიარებენ.

Sport-ის ცნობით, კუმანს ტრანსფერებზე სრული კონტროლი აქვს და სატრანსფერო გეგმებიც შეუმუშავებია. ნიდერლანდელი სპეციალისტი დაცვის ხაზის გაძლიერებას ცენტრალური მცველითა და ორი განაპირა მცველით აპირებს. კუმანი ფიზიკურად ძლიერი ნახევარმცველის დამატებაზეცაა ორიენტირებული და მისი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მაღალი დონის „ცხრიანის“ გაფორმებაა. ესპანურ პრესაში ლუის სუარესის შემცვლელად ლაუტარო მარტინესს ასახელებენ.

ურუგვაელ თავდამსხმელს რაც შეეხება, მას „ბლაუგრანას“ თავკაცთან მოკლე საუბარი ჰქონდა. სუარესს ახსნა-განმარტების მიღება არ მოუთხოვია და მიღებული გადაწყვეტილების განმაპირობებელი მიზეზების დასახელება საჭიროდ არც კუმანმა ჩათვალა. 33 წლის ფეხბურთელი განაწყენებულია, მაგრამ კლუბს პრობლემებს არ შეუქმნის.

Mundo Deportivo-ს მიხედვით, ნიდერლანდელი სპეციალისტი ფილიპე კოუტინიოსაც დაუკავშირდა. კუმანმა ბრაზილიელს ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა და აცნობა, რომ მისი იმედი აქვს. კატალონიური გამოცემის ინფორმაციით, „ბარსას“ თავკაცი „კოუს“ ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად მოიაზრებს.

აღსანიშნავია, რომ კუმანის გადაწყვეტილებას სერხიო ბუსკეტსი, სერხი რობერტო და ხერარდ პიკეც ელოდებიან. მათ იციან, რომ ხელშეუხებელი პრაქტიკულად არავინაა, თუმცა მათთვის ჯერჯერობით არავის არაფერი შეუტყობინებია.

კომენტარები: