"აქ ერთი პირობით მოვდიოდი", - ჯანომ როტორთან კონტრაქტის გაწყვეტის მიზეზი დეტალურად განმარტა

12 სექტემბერი 2020, შაბათი


„როტორმა“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაადასტურა, რომ გუნდს ქართველი ლეგიონერი, ჯანო ანანიძე ტოვებს.

კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყდა, დამატებითი ანაზღაურებების გარეშე.

„როდესაც კვიპროსიდან საქართველოში ჩამოვედი, მუხლის პრობლემები მაშინაც მქონდა. დაიწყო პანდემიასთან დაკავშირებული კარანტინი და საშუალება არ მომეცა, რომ რეაბილიტაცია დამეწყო. თბილისში გავიჭედე და სრულყოფილად ვარჯიშსაც ვერ ვახერხებდი. რამდენიმე შემოთავაზება მივიღე ქართული და კვიპროსული გუნდებისგან, მაგრამ ყველანაირი დაკონკრეტების გარეშე.

ამავდრულად, აგენტმა დამირეკა და „როტორის“ ვარიანტზე მომიყვა. პრობლემის შესახებ მაშინვე ვუთხარი და ვთქვი, რომ ცდა შეიძლება. ფეხბურთის თამაში ძალიან მინდა! საქართველოს ნაკრებს შემოდგომაზე ერთა ლიგაზე მონაწილეობა უნდა დამეწყო და მჯეროდა, რომ სექტემბრისთვის, ფორმაში შევიდოდი, რისი საშუალებითაც „როტორსაც“ დავეხმარებოდი და ეროვნულ ნაკრებსაც.

კონტრაქტის გაფორმების დროს, ერთი პირობა მქონდა - თუ 100%-ით მზად ვიქნებოდი, მაშინ ვცდიდი, ხოლო თუ არა - კლუბისგან არაფერს არ ვითხოვდი და კონტრაქტს გავწყვეტდი, საქმე ფულს ნამდვილად არ ეხებოდა, რუსეთის პრემიერ ლიგა ჩემთვის კარგად არის ნაცნობი. აქ ჩამოვყალიბდი როგორც ფეხბურთელი და დაბრუნებაც ძალიან მინდოდა. აგვისტოში, გუნდს ძალიან დატვირთული გრაფიკი ჰქონდა და მე, სამწვრთნელო შტაბთან და ხელმძღვანელობასთან გასაუბრების შემდეგ, მოსკოვში გავემგზავრე, რათა პირად მწვრთნელთან ინდივიდუალურად მევარჯიშა, რომელიც ჯერ კიდევ „სპარტაკში“ თამაშისას მეხმარებოდა. ვოლგოგრადში მსგავსი პირობები არავინ შემიქმნა. შევთანხმდით, რომ აგვისტოს ბოლოსთვის, თუ ყველაფერი კარგად იქნება, ჩამოვალ და საერთო ჯგუფში ვარჯიშს დავიწყებ.

კვლევები ჩავიტარე და როგორც აღმოჩნდა, ყველაფერი ისე კარგად არ არის, როგორც ვისურვებდი. მუხლი დღემდე მაწუხებს და შესაძლოა, ოპერაციაც გახდეს საჭირო. ამიტომ, კონტრაქტის გაწყვეტის გადაწყვეტილება მივიღე. მადლობას ვუხდი ხელმძღვანელობას და სამწვრთნელო შტაბს, მოცემული შანსისთვის, მაგრამ სამწუხაროდ, გუნდს ვერ დავეხმარე. „როტორის“ მსგავსი მხარდაჭერა მხოლოდ ამ ქვეყნის 4-5 გუნდში მაქვს ნანახი, ეს წარმოუდგენელია. ასეთი ტრიბუნების თანხლებით თამაში ძალიან მინდოდა, მაგრამ არ გამოვიდა. კიდევ ერთხელ, დიიდ მადლობა ყველას. იმედი მაქვს, კიდევ შევხვდებით.“ - აღნიშნა ჯანომ.

შეგახსენებთ, რომ რუსულ გუნდში ანანიძეს არცერთი წუთით არ უთამაშია.

კომენტარები: